საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე ისაუბრა.
მინისტრის შეფასებით, დოკუმენტი პოლიტიკური დაკვეთის შედეგია, რომლის მიზანიც საქართველოს შესახებ პოზიტიური ინფორმაციის დაბლოკვა და ქვეყნის მაქსიმალურად ნეგატიურ ან, საუკეთესო შემთხვევაში, ნეიტრალურ კონტექსტში წარმოჩენა იყო. ბოჭორიშვილის თქმით, ანგარიში რეალურ ვითარებას არ ასახავს, რაც განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, რომ სწორედ ამ დოკუმენტს ეყრდნობიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას.
„ეს არის პოლიტიკური დაკვეთის შესრულება, რომ არაფერი კარგი არ უნდა ითქვას საქართველოს შესახებ და მაქსიმალურად ისე უნდა იყოს ყველაფერი წარმოჩენილი, რომ კონტექსტი იყოს უკეთეს შემთხვევაში ნეიტრალური ან, რა თქმა უნდა, ნეგატიური. ეს არის ის, რისი გადმოცემაც ამ ანგარიში სურდა ევროპულ მხარეს. სამწუხაროა ეს და ნამდვილად არ იძლევა ობიექტურ სურათს.
მითუმეტეს, როდესაც ამ ანგარიშს შემდგომში ეყრდნობიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც არის პასუხისმგებლობა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავად ევროპის და ევროკავშირს წინაშე და თუკი ეს პასუხისმგებლობა ეფუძნება ამგვარად მომზადებულ მასალას და ანგარიშებს, რა თქმა უნდა, თავისთავად კითხვის ნიშანები ჩნდება ამ გადაწყვეტილებების სისწორესთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, სიმართლის გარკვევის სურვილი და მზადყოფნა რომ იყოს, ევროკავშირი მარტივად დაინახავდა იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს და რომელიც ევროპული ინსტიტუტების კვლევებში რიცხობრივად არის გამოხატული.