20 ნოემბერი 2026,   10:00
ვრცლად
"საქმე იქით მიჰყავთ, რომ როგორმე აირიდონ ის ძირითადი და უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც მათ წინააღმდეგ არის" - თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა დღეს, 12:00 საათიდან განახლდება. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ამჯერად კითხვებს მოსარჩელე მხარეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დაუსვამენ.

სარჩელის მორიგი განხილვის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ეცდება, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას თავი აარიდოს, თუმცა ამის საშუალებას მათი ოპონენტები არ მისცემენ.

"საქმე იქით მიჰყავთ, რომ როგორმე აირიდონ ის ძირითადი და უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც მათ წინააღმდეგ არის. საქმეს წაიყვანენ მეორეხარისხოვანი განცხადებების ან შეხედულებების ვითომდა გამოკვლევით, რათა იმ საქმეებზე, რაც მძიმეა, არავინ არ ილაპარაკოს, არავინ არ შეაფასოს და იმას ყურადღება არავინ მიაქციოს. მაგრამ არ მგონია, რომ იმ ადამიანების ჯგუფს წააწყდნენ, რომლებიც ამას დააშვებინებენ. ჩვენ ამას არ დავაშვებინებთ", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს და მას ხელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს.

დღის ამბები