ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციებს კიდევ ერთხელ ეხმაურებიან მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სამარცხვინოა თითოეული განცხადება, რომლითაც ოპოზიცია ცდილობს, ადამიანების ტრაგედიები გამოიყენოს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად.
შეგახსენებთ, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შემდეგ, "კოალიცია ცვლილებების" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები წერდნენ, რომ მომხდარი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, თამთა მიქელაძემ კი სოციალურ ქსელში გააზიარა მასალა, რომელიც ნოვი-სადში, რკინიგზის სადგურის ნგრევის შემდეგ, სერბეთში დაწყებულ პროტესტს უკავშირდება. აქტივისტი ნენსი ვოლანდი კი უბედურ შემთხვევას ფონიჭალის მოსახლეობის სავარაუდო პოლიტიკურ სიმპათიებს უკავშირებს.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ არანაირ ადამიანობაში ჯდება მსგავსი ტრაგედიის ფონზე გამოყენებული პოლიტიკური დღის წესრიგის მორგება.
"ძალიან მძიმეა, როდესაც ტრაგედიაა, ადამიანი იღუპება და კიდევ ამას ამძიმებს ის, რომ ვიღაცები ცდილობენ ადამიანის გარდაცვალება და ადამიანების ტრაგედია გამოყენებული იქნას თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად, ეს არანაირ ადამიანობაში არ ჯდება პოლიტიკაზე რომ საერთოდ აღარ ვისაუბროთ", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.