17 ნოემბერი 2026,   12:41
ვრცლად
მოქმედი კანონით, პოლიტიკური პარტიების უცხოეთიდან დაფინანსება აკრძალულია, თუმცა კამპანიების ორგანიზება შეუძლიათ იურიდიულ პირებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, ეს კანონის ხარვეზია - სლოვენიელი პოლიტიკოსი​

სლოვენია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს იღებს - მმართველმა კოალიციამ წარადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, საარჩევნო კამპანია აეკრძალებათ იურიდიულ პირებს, რომლებსაც ბოლო 5 წლის განმავლობაში საზღვარგარეთიდან დაფინანსება აქვთ მიღებული. რეფერენდუმებთან დაკავშირებული სააგიტაციო საქმიანობა შეეზღუდებათ არასამთავრობოებსაც. ინიციატორები აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანია ამომრჩეველთა ინტერესების დაცვა, გამჭვირვალობა და დემოკრატიულ პროცესებში არაპირდაპირი უცხოური გავლენების აღკვეთა.  

სლოვენიის დემოკრატიული პარტიის (SDS) წარმომადგენლის, ზვონკო ჩერნაჩის განცხადებით, კანონპროექტის მიზანი საარჩევნო და სარეფერენდუმო კამპანიების დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდა და უცხოური გავლენის თავიდან აცილებაა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოეთიდან დაფინანსება აკრძალულია, კამპანიის ორგანიზება საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ იურიდიულ პირებს შეუძლიათ, რაც კანონმდებლობის ხარვეზს წარმოადგენს. 

"ეუთოს რეკომენდაციით, საარჩევნო კამპანიების დაფინანსების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გასაზრდელად აუცილებელია ე.წ. მესამე პირთა კამპანიების რეგულირებაც. კერძოდ, მათ დაეკისრებათ ვალდებულება, დარეგისტრირდნენ საარჩევნო კამპანიის ორგანიზატორებად. მათზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.

მოქმედი კანონმდებლობით, პოლიტიკური პარტიების უცხოეთიდან დაფინანსება აკრძალულია, თუმცა, კამპანიების ორგანიზება შეუძლიათ იურიდიულ პირებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. ეს კანონის ხარვეზია. არსებითად, ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს უცხოეთის გავლენასთან. კანონპროექტის მიზანია საარჩევნო და სარეფერენდუმო კამპანიების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და სლოვენიის დემოკრატიულ პროცესებზე უცხოეთის არაპირდაპირი გავლენის თავიდან აცილება", - აცხადებს სლოვენიის დემოკრატიული პარტიის დეპუტატი ზვონკო ჩერნაჩი.

დღის ამბები