სლოვენია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს იღებს - მმართველმა კოალიციამ წარადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, საარჩევნო კამპანია აეკრძალებათ იურიდიულ პირებს, რომლებსაც ბოლო 5 წლის განმავლობაში საზღვარგარეთიდან დაფინანსება აქვთ მიღებული. რეფერენდუმებთან დაკავშირებული სააგიტაციო საქმიანობა შეეზღუდებათ არასამთავრობოებსაც. ინიციატორები აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანია ამომრჩეველთა ინტერესების დაცვა, გამჭვირვალობა და დემოკრატიულ პროცესებში არაპირდაპირი უცხოური გავლენების აღკვეთა.
სლოვენიის პრემიერ-მინისტრის, იანეზ იანშას განცხადებით, კანონპროექტის მიზანი საარჩევნო და დემოკრატიულ პროცესებში უცხოური ჩარევის აღკვეთა და ყველა სუბიექტისთვის თანაბარი წესების დაწესებაა. მისი თქმით, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა სათანადოდ არ კონტროლდება და მათთვის არ მოქმედებს ის შეზღუდვები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს აქვთ დაწესებული.
"არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც რეფერენდუმის კამპანიის ორგანიზატორებად რეგისტრაციის უფლება აქვთ, უცხოეთიდან ფინანსდებიან. მათი საქმიანობა სათანადოდ არ კონტროლდება. დაფინანსება სხვადასხვა წყაროდან მოდის. ეს უცხოური ორგანიზაციების, კორპორაციებისა და მილიარდერების პირდაპირი ჩარევაა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. ამ კანონპროექტით ჩვენ მხოლოდ ყველასთვის თანაბარი წესების დაწესებას ვცდილობთ. დღეს ეს წესები ყველასთვის ერთნაირი არ არის.
ზოგიერთი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია უცხოეთიდან, სხვადასხვა ფონდიდან და სხვა, ხშირად გაურკვეველი წყაროდან, წელიწადში იმაზე მეტ თანხას იღებს, ვიდრე პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ პარტიას ერთად აქვს კანონით წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყოფილი. ამ ორგანიზაციებისთვის არ არსებობს არანაირი შეზღუდვა, კონტროლი ან სანქცია. შესაბამისად, საუბარი საქმიანობის აკრძალვას არ ეხება. მიზანია, ყველასთვის თანაბარი წესები დაწესდეს და დემოკრატიულ პროცესებში უცხოური ჩარევა გამოირიცხოს", - აცხადებს სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა.