17 ნოემბერი 2026,   12:08
ვრცლად
ახალი მოპასუხე მხარისგან არსებითად არაფერი იქნება შემოთავაზებული, ისევ მოვისმენთ ყალბ ნარატივზე დაფუძნებულ ბელეტრისტიკას მათი მხრიდან - თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე სარჩელის განხილვა დღეს 12 საათზე იწყება. სხდომა დღესაც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. დღეს მოსამართლეთა პლენუმის კითხვებს ჯერ "ლელოს", შემდეგ კი გახარიას პარტიის წარმომადგენლები უპასუხებენ.

მოსარჩელე მხარის განცხადებით, ოპოზიციას არსებულ სარჩელთან დაკავშირებით არგუმენტები არ აქვს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას მიზანმიმართულად ცდილობს.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარისგან ისევ ყალბი ბელეტრისტიკა იქნება წარმოდგენილი.

"ახალი მოპასუხე მხარისგან არსებითად არაფერი იქნება შემოთავაზებული, ისევ მოვისმენთ აბსოლუტურად ყალბ ნარატივზე დაფუძნებულ ბელეტრისტიკას მათი მხრიდან. ახდენენ ერთგვარ თვითლუსტრაციას, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ არსებობს ათეულობით და ასეულობით მტკიცებულება, განცხადება, შესაბამისი დოკუმენტები, მათ მიერ ასე ვთქვათ პოლიტიკური ალიანსების შექმნა და ასე შემდეგ, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ისინი წარმოადგენენ ერთიან ორგანიზმს. საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე, როდესაც ისინი ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ერთმანეთს გაიმიჯნონ, ეს არის უბრალოდ ღიმილის მომგვრელი და რასაკვირველია აბსოლუტურად არა დამაჯერებელი. თუ ვინმეს ვინმესგან გამიჯვნა სურდა, თუ ვინმეს ჰქონდა იმის მოტივაცია, რომ როგორღაც აერიდებინა პასუხისმგებლობა შესაბამისი ძალიან მძიმე ნამოქმედარის გამო, ამისთვის მათ საკმარისზე დიდი დრო ჰქონდათ, მათ ეს არ გააკეთეს და პირიქით, გულის სიღრმეში ისინი ამაყობენ და ისინი ავლენენ იმავე ენთუზიაზმს სხვადასხვა არაკონსტიტუციური საქმიანობის განხორციელებისადმი, არაკონსტიტუციური მისწრაფებებისადმი, რომლითაც გამოირჩეოდნენ წარსულში არაერთი წლის მანძილზე", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

დღის ამბები