სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა, განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა.
დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ბრალდებული დაუკავშირდა ნაცნობ პირს და 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მკვლელობის განხორციელებას იმ დროს ითხოვდა, როდესაც მათი სამი არასრულწლოვანი შვილი დედასთან არ იქნებოდა.
ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც ბრალდებული ნაცნობს უკავშირდებოდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია განცხადებაში.