უკრაინის პრეზიდენტი ირლანდიაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა.
დუბლინის მახლობლად მდებარე კეისმენტის სამხედრო ავიაბაზაზე გამართულ მოლაპარაკებებზე ამერიკულმა მხარემ უკრაინის ლიდერს მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შედეგები გააცნო.
უკვე ცნობილია, ვინ წარმოადგენს ევროპას უკრაინასა და რუსეთს შორის დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.
კაია კალასის განმარტებით, ევროპული უსაფრთხოების შეთანხმებების თანახმად, ამ მისიას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და თავად კალასი შეასრულებენ.
ჯარედ კუშნერის შეფასებით, შეთანხმების მიღწევა ევროპელების ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა და ამაში პუტინის დარწმუნებასაც ცდილობდნენ.
"მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპელების გარეშე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. პრეზიდენტ პუტინსაც ვეუბნებოდით, რომ ეს აუცილებელია. პრეზიდენტი ზელენსკიც თავიდანვე მტკიცედ უჭერდა მხარს ამ პოზიციას. ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინთან ამის მიღწევა შევძელით და ის მზად არის, ამისთვის."
სტივ უიტკოფმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ტრამპისთვის ამ ომის დასრულება პრიორიტეტია.
"ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ ომის დასრულებას პრიორიტეტად მიიჩნევს. ეს არის დავალება, რომელიც მე და ჯარედს მოგვცა. სწორედ ამიტომ ვართ აქ დღეს საღამოს. ამიტომ ჩამოვფრინდით, რომ პრეზიდენტს პირადად შევხვედროდით და მისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმ დადებითი შედეგების შესახებ, რომელთა მიღწევაც შესაძლებელია", - განაცხადა უიტკოფმა.