საფრანგეთში მკვლელობის მცდელობას რომ ეძახიან და საქართველოში სამართლიან პროტესტს ეძახიან ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობას, ეს რაიმე ორმაგი სტანდარტი კი არ არის, არამედ ეს ადამიანები თავად აქეზებდნენ საქართველოში ძალადობრივ ქმედებებს და საკუთარ თავს ვერ გააკრიტიკებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ დამნაშავეებთან სახლში ბრუნდება ის ძალადობა, რომელსაც საქართველოში აქეზებდნენ.
"რაც შეეხება იმას, რომ საფრანგეთში მკვლელობის მცდელობას ეძახიან და საქართველოში სამართლიან პროტესტს ეძახიან ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობას, ეს რაიმე ორმაგი სტანდარტი კი არ არის. ამის უკან დგას ის, რომ ის, ვისგანაც ჩვენ მოველით დაგმობას, თავად არიან ამ ყველაფრის წამქეზებლები და მხარდამჭერები. საკუთარ თავზე ხომ არ იტყვიან რაიმე ცუდს? ახლა რას იტყვის ბრიუსელი, რომ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი ცუდია? ეს რომ თქვას, მაშინ ის პრესსპიკერი უნდა გააგდონ, რომელმაც 4 ოქტომბრის დამხობის შეკრებას მხარდაჭერა გამოუცხადა - ევროკომისიის პრესსპიკერს ვგულისხმობ. რას იტყვის ახლა ევროკავშირის საელჩო? იტყვის, რომ "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა არის ცუდი, როდესაც ევროკავშირის საელჩო თავად აფინანსებდა "მოლოტოვის კოქტეილის" კამპანიას? და რას იტყვიან, რომ სიძულვილის ენა არის ცუდი? იტყვის ამას ევროკავშირის ელჩი, რომელიც თავად ფულს უხდის და იმ ხალხის დაკრულზე ცეკვავს, ვინც საქართველოში ზიზღს და სიძულვილს ავრცელებს? ასე რომ, თავად არიან ამის თანამონაწილენი და ამიტომაც არ გმობენ. არა იმიტომ, რომ სხვადასხვა სტანდარტები აქვთ - თავად არიან ამ ძალადობის წამქეზებლები, დამფინანსებლები და შემდეგ ხელის დამფარებლები, ასე უნდა დავინახოთ. ეს სამწუხარო რეალობაა.
ჩვენ ფაქტობრივად ვხედავთ იმას, რომ ბრიუსელი, სხვადასხვა ევროპული დედაქალაქი საქართველოში ამ ძალადობის წაქეზებაში და დაფინანსებაში იყო ჩართული. მაგრამ ვხედავთ, ვინც ნორმალიზებას ცდილობდა საქართველოში ძალადობის, ამ ნორმალიზების შედეგი ის არის, რომ ეს გახდა ნორმა მათ ქვეყნებში. აი, ეს არის საბოლოო ჯამში შედეგი, რასაც იღებენ. ვინც სხვაგან ძალადობას აქეზებს, საბოლოო ჯამში თავის თავთან იღებს ძალადობას. ასე რომ, დამნაშავეებთან სახლში ბრუნდება ის ძალადობა, რომელსაც ჩვენთან აქეზებდნენ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.