05 ოქტომბერი 2026,   15:25
ვრცლად
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 9 თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 1203 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1203 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 145 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 850 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 353 - სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს.

„2026 წლის 9 თვეში დალუქულია 51 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი - 285 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში. სამეგრელო-ზემო სვანეთში - 220, კახეთში - 193, იმერეთში - 166, სამცხე-ჯავახეთში - 89, გურიაში - 57, ქვემო ქართლში - 56, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 50, შიდა ქართლში - 42, მცხეთა-მთიანეთში კი - 38.

7 სამართალდარღვევა დაფიქსირდა დედაქალაქშიც - გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, თბილისში, 8 თვეში გამოავლინეს 3 უკანონო სახერხი საამქრო, ასევე სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი.

ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები