30 სექტემბერი 2026,   23:00
ვრცლად
"დამნაშავე პილოტი დაკავებულია... მუდმივ კონტაქტზე ვართ, რათა მგზავრების უსაფრთხოება სრულად უზრუნველვყოთ" - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვა გაავრცელა და Flydubai-ს ბორტზე განვითარებულ მოვლენებს "განსაკუთრებით მძიმე უსაფრთხოების ინციდენტი" უწოდა. მისი თქმით, ის პირადად ესაუბრა ბორტზე მყოფ ერთ-ერთ ისრაელელ მგზავრს.

"ერთ-ერთმა პილოტმა მეორე პილოტს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და, სავარაუდოდ, თვითმფრინავის მგზავრებთან ერთად ჩამოგდებას ცდილობდა", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

პრემიერის თქმით, მგზავრმა მას უთხრა, რომ ამის გამო თვითმფრინავი "უკონტროლო ვარდნაში" შევიდა.

"მან [მგზავრმა] ეკიპაჟის ერთ წევრთან ერთად კაბინის კარის გატეხვა შეძლო. მათ ერთად გაანეტრალეს თავდამსხმელი პილოტი, რომელიც თვითმფრინავის მართვის სისტემის მწყობრიდან გამოყვანას ცდილობდა. კაბინაში ეკიპაჟის სხვა წევრებიც შევიდნენ და ხომალდის დასტაბილურება შეძლეს".

ნეთანიაჰუს თქმით, დამნაშავე პილოტი დაკავებულია.

"ის ამჟამად საუდის არაბეთის შესაბამისი უწყებების მიერ იკითხება. მუდმივ კონტაქტზე ვართ კომპეტენტურ ორგანოებთან, რათა მგზავრების უსაფრთხოება და მათი სახლში უსაფრთხოდ დაბრუნება სრულად უზრუნველვყოთ", - აღნიშნა მან.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მან უსაფრთხოების ძალებს დაავალა, რომ შესაძლო სხვა საფრთხეების შესაკავებლადაც სრულ მზადყოფნაში იყვნენ.

დღის ამბები