130 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური. განსხვავებული ინტერესები, დაპირისპირებული ძალები და ერთი მთავარი კითხვა: როგორი იქნება ახალი მსოფლიო წესრიგი? ნიუ-იორკში, სადაც ომისა და მშვიდობის, გავლენებისა და მომავლის შესახებ მსოფლიო ლიდერების გზავნილები იკვეთება, საქართველოს ხმა მკაფიოდ ისმის.
ამ ტრიბუნასთან ქვეყნის წონას მხოლოდ მისი ტერიტორიის სიდიდე არ განსაზღვრავს. აქ გადამწყვეტი სათქმელია და საქართველოს სათქმელი აქვს: მსოფლიო ვერ იქნება სამართლიანი, ვიდრე საზღვრების ძალით შეცვლა შესაძლებელია, ოკუპაცია გრძელდება და საკუთარ სახლში დაბრუნება ასობით ათასი ადამიანისთვის ოცნებად რჩება.
სწორედ ამ რეალობაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე. ირაკლი კობახიძემ მსოფლიო პოლიტიკის ლიდერებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია შეახსენა, აფხაზებსა და ოსებს კი დები და ძმები უწოდა. ერთ მიმართვაში გამოიკვეთა პასუხისმგებლობაც და შერიგების გზაც.
ამ მიმართვას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დისკუსიის ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მაშინ, როცა ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა ნაწილი ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობას ტრადიციულ მტრობად ახასიათებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნიდან საერთო სამშობლოსა და საერთო მომავალზე საუბრობს.
მმართველი გუნდის განცხადებით, ოპოზიცია ბოლო დროს ყველაფერს აკეთებს, რომ ნდობის აღდგენის პროცესი შეფერხდეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი კი მსოფლიო პოლიტიკის უმაღლეს ტრიბუნაზე გამოსვლისას დეოკუპაციის საკითხს შერიგებას უკავშირებს და ამბობს, რომ საქართველოს განვითარებით მიღებული სიკეთე ხელოვნურად გავლებული საზღვრებით არ უნდა შეჩერდეს. ამ შესაძლებლობებით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა - აფხაზებმა და ოსებმაც უნდა ისარგებლონ.
პარალელურად, ნიუ-იორკში ორმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. გაეროს გენმდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობას და ორგანიზაციის როლს კონფლიქტის მოგვარების პროცესში. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დარჩეს მაშინაც, როდესაც მსოფლიოს ყურადღებას ახალი ომები და კრიზისები იპყრობს.
ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ოკუპირებული რეგიონების არაღიარება და შვეიცარიის შუამავლობა თბილისსა და მოსკოვს შორის - ეს საკითხები განიხილეს შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან. საუბარი შეეხო საქართველოში მის დაგეგმილ ვიზიტსაც.
მეზობელი ქვეყნების ლიდერებთან მოლაპარაკებების თემა საქართველოს რეგიონული როლი იყო. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრაზე განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობა, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობა, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა. სომხეთის ლიდერთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე კი - ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული პროცესები.
მშვიდობა კავკასიის რეგიონში თბილისისთვის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების საფუძველია: მეტი ვაჭრობა, მეტი ინვესტიცია და უფრო მჭიდრო კავშირი ევროპასა და აზიას შორის.
სტრატეგიული ფუნქციის გასაძლიერებლად საქართველო 2032 წლამდე შვიდი მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტებში: რკინიგზის მოდერნიზება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა, ავტომაგისტრალების გაფართოება, შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა და მონაცემთა ინფრასტრუქტურის შექმნა ევროპისა და აზიის ციფრული კავშირების გასაძლიერებლად.
ეკონომიკურ შესაძლებლობებთან ერთად, თბილისმა პარტნიორებთან ურთიერთობის პრინციპებზეც ისაუბრა. ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობა დემოკრატიული განვითარების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით. კობახიძემ კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურა.
გაეროს ტრიბუნიდან კი საქართველოს მთავრობის გზავნილი ყველა პარტნიორის მისამართით გაისმა: თბილისი თანამშრომლობისთვის მზად არის, ურთიერთობის საფუძველი დიალოგი და ქვეყნის სუვერიტეტის პატივისცემა უნდა იყოს.
ნიუ-იორკში ვიზიტს არაფორმალური დიპლომატიის ნაწილიც ჰქონდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამს დაესწრო, ღონისძიებას, რომელიც ლიდერებს ოფიციალური მოლაპარაკებების მიღმა კომუნიკაციის შესაძლებლობას აძლევს.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მთავარი სათქმელი საქართველოს ყველაზე დიდ ტკივილთან ბრუნდება, ადამიანებთან, რომლებიც ხელოვნური გამყოფი ხაზების მიღმა, საერთო მომავლის მოლოდინში არიან. მათ მიმართ ნიუ-იორკიდან გზავნილი მკაფიო იყო: ოკუპაციამ ვერ უნდა განსაზღვროს, როგორ მომავალს ააშენებენ ქართველები, აფხაზები და ოსები.