13 ნოემბერი 2026,   16:19
ვრცლად
რაც მეტ ინფორმაციას მიიღებს სასამართლო მხარისაგან საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, არის უმჯობესი. ვერავინ მოახერხებს, რომ აცილების შუამდგომლობით მოსამართლეს შეეზღუდოს ობიექტური შეკითხვის დასმა - რევაზ ნადარაია

სამი საათია საკონსტიტუციო სასამართლოში, 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. სხდომა დღესაც კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. მოსამართლეების შეკითხვებს "ნაციონალური მოძრაობა" პასუხობს. მანამდე, პარტიამ მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების შუამდგომლობა დააყენა რაც პლენუმმა არ დააკმაყოფილა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაიამ აღნიშნა, რომ რაც მეტ ინფორმაციას მიიღებს სასამართლო მხარისაგან საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად არის უკეთესი და უმჯობესი. 

"შუამდგომლობას პლენუმი არ აკმაყოფილებს უსაფუძვლობის გამო. სასამართლო და თავისთავად, პლენუმის სხვა წევრებიც, ისმენდნენ გუშინ ქალბატონი ევას მიერ დასმულ შეკითხვებს, ის, რაც მხარემ გააჟღერა დღეს სხდომაზე და მასში ვერ შენიშნა რაიმე ნიშანი იმისა, რომ ქალბატონ ევას წინასწარ აქვს აზრი ჩამოყალიბებული ამ საქმესთან დაკავშირებით.

პირიქით, პლენუმის წევრებს ერთხმად უჩნდებათ განცდა იმისა, რომ არის სურვილი, რომ მოსამართლემ არ დასვას კრიტიკული შეკითხვა. თუ შეკითხვა თავისი შინაარსით გამოიყურება მწვავედ და სასამართლო სვამს მწვავე შეკითხვას, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს რაიმე მოსაზრება აქვს ჩამოყალიბებული რომელიმე მხარისადმი. პირიქით, რაც მეტ ინფორმაციას მიიღებს სასამართლო მხარისაგან საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, არის უკეთესი და უმჯობესი. ვერავინ ვერ მოახერხებს იმას, რომ აცილების შუამდგომლობით მოსამართლეს შეეზღუდოს ობიექტური შეკითხვის დასმა. ეს შეუძლებელია", - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

 

დღის ამბები