საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ევა გოცირიძის აცილების შუამდგომლობის დაყენებას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გამოეხმაურა. სხდომაზე ევა გოცირიძემ განმარტა, თუ რატომ ჰქონდა უფლება აღნიშნული შეკითხვების დასასმელად.
როგორც მოსამართლემ აღნიშნა, საკითხი უკავშირდებოდა მკვლელობებს, რომელზეც არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენები. მისივე თქმით, შემდეგ, აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ამ საქმეების გამოძიება არ მოხდა ამ ხელისუფლების პირობებში და რომ ამით სახელმწიფომ დაარღვია უკვე უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულება.
"თქვენი ნებაა, ვის მიმართ დააყენებთ აცილების შუამდგომლობას, მაგრამ მე განვმარტავ ამ საკითხებს და განვმარტავ იმას, რატომ მქონდა ამ შეკითხვების დასმის უფლება.
პირველი - საკითხი უკავშირდებოდა მკვლელობებს, რომელზედაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენები და მე სპეციალურად არ დავასახელე ის საქმეები, რომლებიც არ იყო ჩადენილი სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ. შემდეგ, აქცენტი გავაკეთე იმაზე, რომ ამ საქმეების გამოძიება არ მოხდა ამ ხელისუფლების პირობებში და აქცენტი გავაკეთე იმაზე, რომ ამით სახელმწიფომ დაარღვია უკვე უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულება. ხოლო შემდეგი აქცენტი გავაკეთე იმაზე, რომ მოხდა პრეზიდენტის მხრიდან დამნაშავე პირების წახალისება.
აღმოჩნდა, რომ ვინც იყო თურმე სინამდვილეში დამნაშავე, იმ პირების წახალისება განახორციელა. დავსვი შეკითხვა, რომ ეს ჩაითვლება თუ არა დანაშაულის წახალისებად-მეთქი. თუ არ გამოიკვლევ დანაშაულს, ესეც დანაშაული არის.
თქვენ მე ბრალს მდებთ, რომ თქვენ როგორ შემეკითხეთ, ეს ფაქტები შეერაცხება თუ არა "ნაციონალურ მოძრაობას", ეს არის ჩვენი პირდაპირი განხილვის საკითხი. მთელი გუშინდელი დღე ამას არ ეძღვნებოდა, სად არის პარტიის პასუხისმგებლობა და სად არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა? თუ გახსოვთ, მე რა შეკითხვა დავსვი - იყო თუ არა ეს მმართველი პარტიის პოლიტიკის განხორციელების შედეგი-მეთქი, თქვენ ფიქრობთ, რომ ამ შეკითხვის დასმის უფლება მე არ მაქვს?
ფაქტია, რომ რაშიც მედავებით, ეს იყო შეკითხვის ფორმით დასმული. რაც შეეხება შეკითხვის ფორმულირებას, ეს უკვე ჩემი საკითხია", - განაცხადა ევა გოცირიძემ.
"ნაციონალური მოძრაობისთვის" პრობლემა გახდა გუშინ, მოსამართლე ევა გოცირიძის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც გოცირიძე გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით საუბრობდა და ამბობდა, რომ აქედან ნაწილი მკვლელობაა, ნაწილი კი ძალადობრივი ქმედება. სწორედ ეს გახდა პარტიის შუამდგომლობის საფუძველი, რომელიც პლენუმმა არ დააკმაყოფილა.