24 სექტემბერი 2026,   15:56
ვრცლად
"საქართველოს მაგალითი იქცა ძალიან ბევრი ქვეყნისთვის და ორგანიზაციისთვის ძალიან დიდი ინტერესის საგნად" - მიხეილ სარჯველაძე

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მეგობართა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრაში ჯგუფის თანათავმჯდომარის რანგში მიიღო მონაწილეობა. მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა და ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. ამ პროცესის გაგრძელებაა რეფორმების ახალი ეტაპი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაა.

"საქართველოს მაგალითი იქცა ძალიან ბევრი ქვეყნისთვის და ორგანიზაციისთვის ძალიან დიდი ინტერესის საგნად, ვინაიდან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება საქართველოში მიმდინარე წარმატებული რეფორმის შესახებ. ამის თაობაზე არაერთხელ ყოფილა მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმებზე საუბარი და ბუნებრივია და ლოგიკურია, რომ ამ ფორმატის ფარგლებშიც განსაკუთრებული იყო ინტერესიც. შესაბამისად, ამ მიზანს ემსახურებოდა ჩვენს მიერ წარდგენილი ინფორმაცია და პრეზენტაცია ერთგვარი, რომელშიც აღწერილი იყო ძირითადი მიგნებები და მიღწევები, რომელიც საქართველოში პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის გზაზე გვაქვს.

ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრი ქვეყნისთვის ეს გამოცდილება ძალიან საინტერესოა, ვინაიდან ისეთი ასპექტები, როგორიც არის, მაგალითად, წარმატებულ შედეგებზე დაფუძნებული ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება პროცესების წასახალისებლად და ასე შემდეგ - მსგავსი წამოწყებები არის განსაკუთრებული ინტერესის საგანი.

ვფიქრობ, რომ ეს, ერთის მხრივ, არის დასტური და აღიარება იმის, რომ საქართველოში წარმატებულად მიმდინარეობს რეფორმები და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ქმნის უკეთეს შესაძლებლობებს ასეთი რეფორმების დაგეგმვისთვის", - აცხადებს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები