ეკონომიკის მინისტრმა ჩინეთში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში მიიღო მონაწილეობა. მარიამ ქვრივიშვილი სიტყვით წარსდგა ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე.
მონაწილე ქვეყნები ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის, ეფექტიანობის და კონკურენტურანიანობის გაუმჯობესებისთვის ერთობლივ ინიციატივას შეუერთდნენ.
"მზარდი ტვირთნაკადები, მსხვილი ინფრასტრუქტურული ინვესტიციები და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება დერეფანს ჩვენს რეგიონებს შორის სულ უფრო მნიშვნელოვან დამაკავშირებელ ხიდად აყალიბებს. სწორედ ამიტომ, საქართველო მიესალმება "ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდისა და ეფექტიანობის გაძლიერების ხელშეწყობის" ინიციატივას. ინიციატივის მიზანი სრულად პასუხობს დერეფნის განვითარების ამჟამინდელ საჭიროებებს და მიმართულია მისი გამტარუნარიანობის, ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის შემდგომი გაძლიერებისკენ. ამ მიზნის მიღწევა მოითხოვს არა მხოლოდ ტრანსპორტის ცალკეულ სახეობათა განვითარებას, არამედ მათ უფრო მჭიდრო ინტეგრაციასა და ეფექტიან ურთიერთდაკავშირებას. შესაბამისად, ჩვენი მიზანია ამ სინერგიის შემდგომი განვითარება და გაძლიერება, რათა ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობამ ერთმანეთი შეავსოს და ხელი შეუწყოს უფრო შეუფერხებელი და ეფექტიანი დერეფნის ჩამოყალიბებას", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.