დღეს გაეროში გენერალური დებატები იხსნება - რამდენიმე საათში საერთაშორისო თანამეგობრობას სიტყვით მიმართავენ ამერიკის პრეზიდენტი და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს. ირაკლი კობახიძე გენერალურ დებატებზე 24 სექტემბერს გამოვა. მანამდე, პრემიერი სიტყვით წარსდგა "მრავალმხრივი პარტნიორობის" სამიტზე, რომელიც ევროკავშირისა და ექვსი თანაორგანიზატორი სახელმწიფოს ინიციატივით გაიმართა.
"ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, ამ პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად კი რჩება საერთაშორისო მხარდაჭერა, ასევე, გვჯერა, გაძლიერებულ რეგიონულ თანამშრომლობას შეუძლია ახალი შესაძლებლობების შექმნა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სამიტის შედეგად მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში მხარეებმა საერთაშორისო სამართლის, სუვერენული თანასწორობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვის ვალდებულება დაადასტურეს. მანამდე საქართველოს მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს მართავს. გაიმართა მოლაპარაკება თურქეთის პრეზიდენტთან.
სადისკუსიო შეხვედრა უმაღლესი რანგის სტუმრებთან ერთად, რომელიც გაეროს 81-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, ეძღვნებოდა მულტილატერალიზმს და მისი ორგანიზატორი იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, რომლის მოწვევითაც აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც.
"ჩვენ სხვადასხვა რეგიონს, კულტურასა და ისტორიას წარმოვადგენთ, თუმცა საერთო გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მსოფლიო კრიტიკულ ეტაპზეა. კონფლიქტები ფართოვდება. საერთაშორისო სამართალი, მათ შორის გაეროს წესდება, ირღვევა. პანდემიები, ხელოვნური ინტელექტი და ეკონომიკური არასტაბილურობა ისეთი მასშტაბის გამოწვევებია, რომელთა გამკლავებაც ვერც ერთ ქვეყანას - დიდსა თუ პატარას - დამოუკიდებლად არ შეუძლია. ამიტომ უნდა შევძლოთ დაპირისპირების თანამშრომლობად გარდაქმნა.
სწორედ ამ სულისკვეთებით ვიწყებთ დღეს ინიციატივას - "მულტილატერალიზმის პარტნიორებს". ეს იქნება ღია პლატფორმა მსოფლიოს ყველა რეგიონის იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც მზად არიან, დაიცვან საერთო პრინციპები და ერთად იმუშაონ კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად", - აცხადებს ანტონიო კოშტა.