"19 სექტემბერს დღე-ღამის განმავლობაში 20 სექტემბრის დილამდე, აჭარის სანაპირო ზოლში და მიმდებარე ტერიტორიაზე აღინიშნა ძლიერი ინტენსივობის ნალექი, რის შედეგადაც ბათუმის ცალკეულ უბნებში ადგილი ჰქონდა ქუჩების დატბორვას და ურბანული ინფრასტრუქტურის დროებით გადატვირთვას", - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური დაკვირვებების მიხედვით, რეგიონის ფარგლებში ნალექების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბათუმში დაფიქსირდა, სადაც 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა და 19-20 სექტემბერს მოსული ნალექის ჯამურმა რაოდენობამ 275 მმ შეადგინა, რაც თვის კლიმატური ნორმის 90%-ს აღემატება. ამასთან, 1 საათში (19.09.21:00-19.09.22:00) ამ რაოდენობის 20% (52.5 მმ) მოვიდა. ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ბათუმის სადგურზე 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა (273 მმ) უპრეცენდენტოა სექტემბრის თვისთვის და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს.
"ასევე, სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, ნალექების რაოდენობამ 19-20 სექტემბერს ქობულეთის სადგურზე 134.5 მმ, კოხის (ქობულეთი) – 58.5 მმ, მტირალას ეროვნული პარკის - 93 მმ, ხოლო სინდიეთის (ხელვაჩაური) სადგურზე 50.8 მმ შეადგინა.
გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების უწყვეტ მონიტორინგს", - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.