აშშ-ის პრეზიდენტი ევროკავშირს მაღალი ტარიფების დაწესებით და ვაჭრობის შეჩერებით ემუქრება.
დონალდ ტრამპმა "სასაცილო" უწოდა ევროკომისიის ინიციატივას კანადისთვის "ასოცირებული წევრის" სტატუსის მინიჭების შესახებ და ოტავას "ცუდი სავაჭრო პარტნიორი" უწოდა.ტრამპის განცხადებით, თუ ევროპის ქმედებებში მტრულ განზრახვას დაინახავს, ვაშინგტონი მკაცრ ზომებს მიმართავს.
"ვფიქრობ, ეს ყველაფერი სასაცილოა. შეხედეთ კანადასთან დაკავშირებულ ვითარებას, კანადა სავაჭრო თვალსაზრისით, ძალიან ცუდი პარტნიორი იყო. თუ ისინი ასე მოიქცევიან, ამას მტრულ ნაბიჯად ჩავთვლით. ძალიან სერიოზულ ტარიფებს დავაწესებ, ან ევროპასთან, რიგ სფეროებში, ვაჭრობას საერთოდ შევწყვეტ. ასე რომ, თუ ევროპა ამას ცუდი განზრახვით გააკეთებს, ევროპას ძალიან მძიმე ტარიფებს დავუწესებთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ევროკომისიის ინიციატივას გამოეხმაურა კანადის პრემიერ-მინისტრიც. მარკ კარნის განმარტებით, ოტავას ევროკავშირთან არა გაწევრიანება, არამედ "უნიკალური ალიანსის" შექმნა სურს. პროცესები ვაშინგტონსა და ოტავას შორის ეკონომიკური უთანხმოების ფონზე მიმდინარეობს. კანადამ აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებები შეაჩერა.