"ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ანგარიში უნდა განიმარტოს ,როგორც საზღვრების დაკარგვა და ეკონომიკურ ფრონტზე კონკურენტუნარიანობის დაქვეითება. 2 ივლისიდან მოყოლებული, შვიდი კვირის განმავლობაში, ევროპის საზღვრებზე ნამდვილი იერიში და შემოტევა მიმდინარეობს. ვითარება ნამდვილად უკიდურესად მძიმეა", - განაცხადა "ალტერნატივა გერმანიისთვის" წევრმა, ევროპარლამენტში AfD-ის დელეგაციის წარმომადგენელმა რენე აუშტმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, ევროპამ, საკუთარი საზღვრების დასაცავად, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები.
"ამ კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად არაფერი კეთდება. არაბული და აფრიკული სამყაროდან ხალხი სწორედ ამ მიმართულებით მოემართება. ევროპა, როგორც ციხესიმაგრე, რეალურად აღარ არსებობს. ჩვენი საზღვრების დასაცავად დაუყოვნებლივ უნდა მივიღოთ ზომები. უნდა ვიცოდეთ, ვინ შემოდის ჩვენს კავშირში. მსოფლიოს სხვა რეგიონებში ხშირად განიხილავენ იმას, რაც დღეს აქ მოვისმინეთ. საუბარია ბიუროკრატიული სტრუქტურების დეკონსტრუქციაზე, ზედმეტი ბიუროკრატიის მოშორებასა და ეფექტიან წინსვლაზე. კლიმატის პოლიტიკის, შესაფუთი მასალის რეგულაციების და სხვა მსგავსი საკითხების კუთხით კი, სრულიად საპირისპიროს ვხედავთ. ვხედავთ კიდევ უფრო მეტ ბიუროკრატიას, ენერგიაზე ფასების ზრდას და დეინდუსტრიალიზაციას. პარალელურად, მთელი ევროპის მასშტაბით, პატრიოტული პარტიები პოზიციებს აძლიერებენ. ისინი ებრძვიან ყველაფერ იმას, რაზეც დღეს აქ ასე ხმამაღლა საუბრობდით. გერმანიაში, AfD-ის ("ალტერნატივა გერმანიისთვის") სახით, ჩვენ ევროპელი პატრიოტების საოცარი აღზევება ვიხილეთ. ისინი ძლიერდებიან და ეფექტიანად მიიწევენ წინ, რათა ავაშენოთ ისეთი ევროპა, როგორიც ყველას ნამდვილად გვსურს", - განაცხადა რენე აუშტმა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე