თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შეუთანხმდა დაზარალებულებს მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელ კოტეჯების მშენებლობაზე და თითქოსდა სამშენებლო მასალის შესაძენად და მშენებლობის დასაწყებად, ჯამში 160 000 ლარი ჩაარიცხვინა, რომელსაც თაღლითურად დაეუფლა.
"დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.