14 ნოემბერი 2026,   11:46
ვრცლად
საქართველოს ნაკრები დღეს უნგრეთს დაუპირისპირდება

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს ერთა ლიგის B2 ჯგუფის მეხუთე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები უნგრეთის ნაკრებს უმასპინძლებს, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები წლის ბოლო საშინაო მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. ტრავმების გამო გუნდს ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი და გიზი მამაგეიშვილი გამოაკლდნენ, ხოლო "სევილიის" ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

შემადგენლობაში სამი დებიუტანტია - "დინამო ბათუმის" მეკარე ნოდარ ყალიჩავა, უკრაინული "პოლისიას" მცველი გიორგი მაისურაძე და სლოვენური "ტრნავის სპარტაკის" ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი.

 დღევანდელ მატჩში გუნდს ოთარ კაკაბაძე უკაპიტნებს.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს უდიდესი საკადრო დანაკლისი აქვს, შემადგენლობაში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც კონკრეტული ამოცანების შესრულება აქვთ.

"გვყავს ძალიან კარგ შეტევები, მიუხედავად უდიდესი დანაკლისისა, დღეს არიან გუნდის ფეხბურთელები, რომელსაც შეუძლიათ ეს ყველაფერი. სიმართლე გითხრათ, გვქონდა აქცენტები ამ ყველაფერზე გაკეთებული და იმავეს გავიმეორებ, იმედი მაქვს, რომ უკვე ხვალ თამაშზე ყველაფერი სხვანაირად იქნება," - განაცხადა საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ.

ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის განცხადებით კი, გუნდის თითოეული წევრი მოტივირებულია, რომ თამაში და საბოლოო შედეგები გამოასწოროს.

"თითოეული ფეხბურთელი განწყობილია იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ის ჩვენი შედეგი, თამაში და ყველაფერი რაც შეეხება ფეხბურთს, ესე ვთქვათ. მარტივ გზას არ გავდივართ, დავეთანხმები ჩვენს მთავარ მწვრთნელს, ყველას აქვს ჩავარდნა, მაგრამ ამ ჩავარდნას ყოველთვის მოსდევს მაღლა ასვლა. მეც დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მაღლა ასვლა დაიწყება მალე," - აღნიშნა ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა.

დღის ამბები