ვაშინგტონი აცხადებს, რომ თეირანის წინააღმდეგ ფინანსურ ომში ახალი პარტნიორი ჰყავს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი "ოფიციალურად შეუერთდა" ოპერაცია "ეკონომიკურად გარიყულს" - აშშ-ის სანქციების კამპანიას, რომლის მიზანი ირანის საერთაშორისო საბანკო სისტემიდან გამორიცხვაა და ბლოკი დროული ქმედებებისთვის შეაქო.
როგორც მედია წერს, ორშაბათს გამოქვეყნებულ ევროკომისიის განცხადებაში, რომელსაც ბესენტი ციტირებს, ნათქვამია, რომ ისინი მიესალმებიან აშშ-ის კამპანიას, თუმცა ეს განცხადება ევროკავშირს მის განხორციელებას ოფიციალურად არ ავალდებულებს.
"ჩვენ ვაფასებთ მათ გადამწყვეტ და დროულ ქმედებებს", - დაწერა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა.
ბესენტმა დასძინა, რომ მსოფლიო ირანის რეჟიმს მკაფიო სიგნალებს უგზავნის.
"ვაშინგტონი არ გაჩერდება მანამ, სანამ ყველა დარჩენილი ფინანსური კომუნიკაციის ხაზი არ გაწყდება. აშშ მტკიცედ დგას თავის მოკავშირეებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ირანულმა რეჟიმმა ვერ შეძლოს გლობალური ფინანსური სისტემის გამოყენება", - განაცხადა ბესენტმა.