05 სექტემბერი 2026,   03:25
ვრცლად
უკრაინა გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივების საკითხზე დისკუსიების განახლებას ცდილობს - POLITICO

POLITICO-ს ინფორმაციით, უკრაინას სურს, ევროპის ქვეყნებმა გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივების საკითხზე დისკუსიები განაახლონ.

როგორც მედია წერს, უკრაინა თვლის, რომ თანხის ნაწილის გაცემამ და უფრო ფართო გარანტიების შეთავაზებამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს ბელგიასთან არსებული ჩიხური მდგომარეობის დაძლევას, რომელმაც დეკემბერში ამ გეგმას ვეტო დაადო.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ვსევოლოდ ჩენცოვმა განაცხადა, რომ ქვეყანა ევროპელ პარტნიორებთან, თავდაცვისა და სამოქალაქო ბიუჯეტების დეფიციტის დასაფარად, რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. მისი თქმით, ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ნაწილის დაჩქარებული გაცემა შეიძლება, ქვეყანას დაეხმაროს, მაგრამ ეს ერთადერთი გამოსავალი არ იქნება.

„ჩვენ ასევე ვაკვირდებით ევროკავშირში არსებულ შესაძლებლობებს და, კერძოდ, გთავაზობთ გაყინული აქტივების გამოყენების იდეას. ეს გამომუშავებისა და ვალის დაფარვის გონივრული გზაა", - განაცხადა ჩენცოვმა.

მედიის ცნობით, გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივების უკრაინის დასაფინანსებლად გამოყენება ევროკავშირში კვლავ აქტუალური თემა გახდა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში, ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, ესპანეთმა და შვედეთმა ევროკომისიას მოუწოდეს, შეისწავლოს მათი განთავისუფლების ახალი ვარიანტები.

მედიის ცნობით, რუსეთის ცენტრალური ბანკის 200 მილიარდ ევროზე მეტი აქტივი გაყინულია ევროკავშირის მასშტაბით, რომელთა უმეტესობა ბელგიის ფინანსურ დეპოზიტარ Euroclear-ში ინახება. ბელგიის მთავრობა ეწინააღმდეგება ამ თანხების გამოყენების შესახებ წინადადებებს და ამის მიზეზად პოტენციურ იურიდიულ და ფინანსურ რისკებს ასახელებს, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯების ან სასამართლო დავის შემთხვევაში.

როგორც POLITICO წერს, კიევის მხრიდან ამ საკითხზე მოწოდების განახლება, უკრაინისთვის დამატებითი თანხების მოძიების მიზნით, მზარდ ზეწოლას ასახავს, რადგან ქვეყანას ბიუჯეტში სერიოზული დეფიციტი აქვს, რაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრით არის გამოწვეული.

"ევროკავშირმა და უკრაინამ სხვა ვარიანტები უნდა განიხილონ, მაგალითად, განსხვავებული ციფრები, როგორც პირველი ნაბიჯი, რათა რუსული აქტივების ნაწილობრივი გათავისუფლება მაინც მოხდეს", - განაცხადა ჩენცოვმა POLITICO-ს კითხვაზე საპასუხოდ, თუ როგორ შეიძლება ბელგიამ შეცვალოს თავისი აზრი.

"ევროპას ასევე სჭირდება ახალი იდეები იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველვყოთ ამ ინსტრუმენტის ეფექტურობა. შესაძლოა, არა მხოლოდ ევროკავშირმა, არამედ სხვა მოთამაშეებმაც შეძლონ ჩართვა და ბელგიის შეშფოთებასთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხის გაცემაში დახმარება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე მუშაობა კვლავ დავიწყოთ და გამოსავალი ვიპოვოთ", - დასძინა ჩენცოვმა.

დღის ამბები