90-იან წლებში ლითონისა და ბლოკის კონსტრუქციებისგან ქაოტურად აშენებულ ავტოფარეხებს თითქმის ყველა თბილისურ უბანში შევხვდებით. 40 წლის შემდეგ უსახური ნაგებობები წარსულს ბარდება, მათ ადგილს თანამედროვე ურბანული არქიტექტურა იკავებს.
ავტოფარეხების დემონტაჟი თბილისის თითქმის ყველა რაიონში მიმდინარეობს. ეს კადრები დიდუბის რაიონშია გადაღებული. ამ ეზოში 50 მოძველებული შენობა-ნაგებობაა. მუნიციპალურ სამსახურებს კონსტრუქციების დაშლა უკვე დაწყებული აქვთ. გადაწყვეტილებას წინ ადგილობრივებთან მოლაპარაკებები უძღოდა. დიღმის მასივში ძველ ავტოფარეხებს ახალი რეკრეაციული სივრცე ჩაანაცვლებს.
დიდუბის რაიონში, სხვადასხვა მისამართზე, 150-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი უკვე განხორციელდა. პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. სამუშაოები კონსტრუქციებისა და სახურავების მოხსნით იწყება, რის შემდეგაც ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკა შედის. სადემონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სივრცე სამშენებლო ნარჩენებისგან სუფთავდება.
ძველი ნაგებობების დემონტაჟით რამდენიმე პრობლემა იჭრება. უმჯობესდება ქალაქის ურბანული იერსახე და ეკოლოგიური მდგომარეობა. ძველი ლითონის კონსტრუქციების ადგილზე ახალი რეკრეაციული სივრცეები ჩნდება. სასეირნო ბილიკები, სპორტული და საბავშვო მოედნები, მოწესრიგებული საპარკინგე სივრცეები - ეს ყველაფერი მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული.
დედაქალაქის მერია და რაიონული გამგეობები ავტოფარეხების პროგრამას განაგრძობენ. თბილისის მასშტაბით მათი უმრავლესობა უკანონოდაა აშენებული. მესაკუთრეებთან მოლაპარაკებები მომავალში სხვა უბნებშიც გაგრძელდება.