05 სექტემბერი 2026,   03:25
ვრცლად
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა.

მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო.

მისი თქმით, 2026 წლის 6 თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 7.9% შეადგინა, ხოლო ივნისში ინფლაციის დონე 5.8% იყო.

2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 მილიარდ 925 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან - ექსპორტი 3 მილიარდ 876 მილიონი დოლარია, ხოლო იმპორტი 9 მილიარდ 49 მილიონი დოლარი.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირია, რომლის წილიც მთლიან საქონელბრუნვაში 20.1%-ს შეადგენს.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, იანვარ-ივნისში წმინდა ფულადი გზავნილები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11%-ით გაიზარდა. 2026 წლის 6 თვეში საქართველოს 2 მილიონ 734 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, 2026 წლის იანვარ-ივნისის ნაერთ ბიუჯეტში მობილიზებულია 15 მილიარდ 86 მილიონი ლარი, რაც 6 თვის საპროგნოზო მაჩვენებლის 104.%-ია.

რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს, ჯამში 12 მილიარდ 515 მილიონ ლარამდეა მობილიზებული, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 103%-ია.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, სახელმწიფო უწყებების მიერ ბიუჯეტის ათვისების საშუალო მაჩვენებელი 92%-ია.

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მილიარდ 336 მილიონ ლარამდე არის ათვისებული, ჯამური ათვისების მაჩვენებელი 98.9%-ია“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში ცნობად მიიღო.

დღის ამბები