03 სექტემბერი 2026,   14:45
ვრცლად
საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გაზრდილია 6.6%-ით და 2471 ლარს აღემატება - ვახტანგ ცინცაძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11.9%-ით გაიზარდა და II კვარტლისთვის რეკორდული მაჩვენებელი - 67.5 მლრდ ლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში ბიზნეს სექტორის გამოშვების მაჩვენებელი 25.7 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც 10.7%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და II კვარტალის ჭრილში რეკორდულ ოდენობას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სექტორში ეკონომიკური აქტივობის ზრდის პარალელურად, იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, აღნიშნული სტატისტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობას გააჩნია სწორი, თანმიმდევრული და განჭვრეტადი ეკონომიკური პოლიტიკა.

"მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, გრძელდება პოზიტიური ტენდენციები ბიზნეს სექტორის სტატისტიკაში. კერძოდ, მეორე კვარტლის ჭრილში რეკორდულია როგორც ბიზნეს სექტორის ბრუნვა, ასევე გამოშვება.

აღსანიშნავია, რომ ზოგადად, გამოშვების ზრდა ფიქსირდება არა მხოლოდ მსხვილ, არამედ საშუალო და მცირე ზომის საწარმოებში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საშუალოთვიური შრომის ანაზღაურება გაზრდილია 6.6%-ით და 2471 ლარს აღემატება. რა თქმა უნდა, აღნიშნული სტატისტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობას გააჩნია სწორი, თანმიმდევრული და განჭვრეტადი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც საბოლოო ჯამში აისახება ბიზნეს სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდაში.

ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რაც საბოლოო ჯამში შექმნის მიმზიდველ ატმოსფეროს საერთაშორისოდ ადგილობრივი ინვესტორებისთვის", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

დღის ამბები