03 სექტემბერი 2026,   09:47
ვრცლად
სააკაშვილის მტკიცებით აფხაზებს ქართველები ეზიზღებათ, მათთან შერიგებით კი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლებელია - მმართველ გუნდში ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაზე საუბრობენ

ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ კამპანია, შალვა პაპუაშვილის თქმით, იმ ოპოზიციონერებმა დაიწყეს, რომლებიც დიალოგს ომს, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას კი მის დავიწყებას ამჯობინებენ. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარისთვის ოპონენტების მიზნები, მათივე გაკეთებული განცხადებებით გამოაშკარავდა. პაპუაშვილის თქმით, როცა ოპოზიციის ნაწილი აფხაზეთს ისტორიულ ტრავმას უწოდებს, ნაწილი ქართველ სამხედროებს ომის დანაშაულში სდებს ბრალს, ნაწილი კი ღიად ამბობს, რომ აფხაზებს ქართველები ეზიზღებათ - ეს იმის დასტურია, რომ მათ არა დაკარგული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნება, არამედ მისი დათმობა სურთ.

რუსთავის მეთორმეტე პენიტენციური დაწესებულებიდან მორიგი წერილი მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა გამოაქვეყნა. სააკაშვილი ფეისბუქ სტატუსში ამტკიცებს, რომ აფხაზებს ქართველები ეზიზღებათ, მათთან შერიგებით კი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლებელია.

ეს განცხადება "ქართული ოცნებისთვის" იმ მოღალატეობრივი პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათი ოპონენტები, გარე ძალების დავალებითა და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიით ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დაზიანებას ცდილობენ. ამის ნათელი მაგალითი კი, სახელისუფლებო გუნდისთვის, ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადებაც იყო, რომლის გამოც სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით გამოძიება უკვე მიმდინარეობს.

იზიარებენ თუ არა ერთპიროვნული ლიდერის განცხადების სულისკვეთებას "ნაციონალები"? ამ კონკრეტულ შეკითხვაზე თავის არიდება დღეს ანი წითლიძემ ზოგადი პასუხით სცადა. გახარიას გუნდში კი ღიად თქვეს, რომ პატიმარი ექსპრეზიდენტის რიტორიკით ქვეყნის ეროვნული ინტერესები ზიანდება.

ომის პროპაგანდა, ანტისახელმწიფოებრივი ნარატივი და სენსიტიური თემებით სპეკულაცია, მმართველი გუნდის თქმით, ოპოზიციის ხელწერად უკვე იქცა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ყოფილი და მოქმედი "ნაცების" მხრიდან აფხაზეთზე საუბარი შემთხვევითი არ არის, რადგან ამ გზით საზოგადოებაში განწყობების შექმნას ცდილობენ.

გია ბარამიძე, ნიკა გვარამია, სალომე სამადაშვილი და ახლა უკვე მიხეილ სააკაშვილი - დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოპოზიცია ბოლო ორი თვეა აქტიურად საუბრობს, თუმცა ოპონენტებს დღეს სახელისუფლებო პარტიიდან კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ "ქართულ ოცნებისთვის" ეროვნულ ინტერესებზე მაღლა არც ერთი საკითხი არ დგას.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები