მორალური ტერორი, მანიპულაციური მსხვერპლი, "უსინდისობის ტყვეობა" და დამარცხებული რევოლუციური პროპაგანდა - პარლამენტის თავმჯდომარე ვრცელ წერილს ავრცელებს, სადაც აქციებზე დაკავებულების მიმართ სახელმწიფოს მიდგომას განმარტავს.
სპიკერი სვამს 2 მთავარ კითხვას, ვის სჭირდება აქციებზე დაკავებულების ციხეში დარჩენა და თუ ხელისუფლების მიზანი ამ ადამიანების ციხეში გამოკეტვაა, რატომ არის 45 პირი დღეს თავისუფალი? შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მსხვერპლი ახლა სწორედ მათ სჭირდებათ, ვინც ეს პირები ჯერ კანონდარღვევისკენ წააქეზეს, ახლა კი საკუთარი ინტერესების იარაღად იყენებენ.
მისი განმარტებით, სახელმწიფოს მიზანი არასდროს ყოფილა მოქალაქეების ციხეში გამოკეტვა, პასუხისმგებლობის გააზრებისა და დანაშაულის აღიარების შემთხვევაში, გათავისუფლების სამართლებრივი გზა ყველასთვის ღიაა, თუმცა, სპიკერის შეფასებით, პროტესტის ორგანიზატორები დაკავებულებზე მორალურ ზეწოლას ახორციელებენ და მათ ციხეში დარჩენას აიძულებენ, რათა გარეთ ბრძოლის ილუზია შეინარჩუნონ.
პარლამენტის თავმჯდომარის წერილს შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ ქვეყანაში "ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლდეს."
"ცხადია, არა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, არამედ ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლდეს ამ ქვეყანაში, დაწყებული მესამე პრეზიდენტიდან, დამთავრებული ახალგაზრდა პატიმრებით," - განაცხადა ლაშა ფარულავამ.