03 სექტემბერი 2026,   07:25
ვრცლად
10 დღიანი კინომარათონი, რომელიც ტრადიციულად მსოფლიო კინოინდუსტრიის მომავალი წლის მთავარ ტენდენციებს განსაზღვრავს - ვენეცია 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს

21 ფილმი, ათობით მსოფლიო პრემიერა და ვარსკვლავები, რომელთა გამოჩენასაც კინოინდუსტრია წლიდან წლამდე ელოდება. ლიდოს კუნძულზე ყველაზე ძველი და პრესტიჟული ფესტივალი 83-ედ გაიხსნა. მომდევნო 10 დღის განმავლობაში მსოფლიოს ყურადღება ვენეციისკენ იქნება მიპყრობილი.

ფესტივალი ოფიციალურად დღეს, დღის სამ საათზე ჟიურის პრესკონფერენციით გაიხსნა. საუკეთესო ნამუშევარს საერთაშორისო ჟიური შეარჩევს, რომელსაც სათავეში ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი მეგი ჯილენჰოლი უდგას.

გენდერული საკითხები კინოინდუსტრიაში - სწორედ ეს თემა გამოიკვეთა პრესკონფერენციაზე. საკონკურსო პროგრამაში ქალი რეჟისორების ავტორობით მხოლოდ ორი ფილმი მოხვდა.

ამ საკითხზე კომენტარი ფესტივალის დირექტორმა ალბერტო ბარბერამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ფესტივალი ქალ რეჟისორებს მხარს უჭერს, თუმცა მათი უმრავლესობა მთავარი კონკურსის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა.

წლევანდელი ფესტივალის მთავარი გმირი ჯორჯ კლუნია. ოსკაროსანი მსახიობი ვენეციაში მთავარი ჯილდოს მისაღებად ჩავიდა. მსახიობს, რეჟისორსა და პროდიუსერს კინოში შეტანილი წვლილისთვის საპატიო "ოქროს ლომი" გადაეცა.

კინოჩვენებები წელს დენი ბოილმა ახალი ფილმით, Ink-ით გახსნა. რეჟისორმა ეკრანზე რუპერტ მერდოკის მედია-იმპერიის აღმავლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი გადაიტანა - როგორ გახდა 1969 წელს The Sun ბრიტანული მედიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა.

საკონკურსო პროგრამაშია მარტინ მაკდონაჰის wild horse nine - შავი იუმორისა და პოლიტიკური დრამების ოსტატი, ამჯერად, მაყურებელს 1973 წლის ჩილეში ამოგზაურებს. ჯონ მალკოვიჩისა და სემ როკველის მონაწილეობით შექმნილი ნამუშევარი კრიტიკოსების მთავარ ფავორიტად მიიჩნევა.

ავტორი, რომელიც დიდ დრამას ხშირად, რეალურ ცხოვრებაში, ყოველდღიურ მომენტებში პოულობს. ჰიროკაძუ კორეედა ვენეციაში დაბრუნდა. მისი ახალი ნამუშევარი look back ერთ-ერთია იმ ფილმებიდან, რომელიც წელს ოქროს ლომისთვის იბრძვის.

მომდევნო დღეებში ვენეციაში ერთმანეთს კინოს ყველაზე დიდი სახელები შეხვდებიან.

წინ ათდღიანი კინომარათონია, რომელიც ტრადიციულად მსოფლიო კინოინდუსტრიის მომავალი წლის მთავარ ტენდენციებს განსაზღვრავს. მთავარი მოლოდინი კი "ოქროს ლომს" უკავშირდება, ვინ შეძლებს წელს ვენეციის ჟიურის დარწმუნებას და ფესტივალის მთავარი ჯილდოს სამშობლოში ჩატანას.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები