რეზონანსულ და სენსიტიურ თემებზე აგებული კონსპირაცია ციხიდან. ყოფილი პრემიერის მეხუთე წერილი მთელი დღეა განხილვის საგანია. წერილი კორუფციაში მხილებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაწერა, თუმცა იმავე სტილით, რომლითაც უკვე წლებია ოპოზიცია კონსპირაციულ თეორიებს აგებს. სახელისუფლებო გუნდისთვის ამის დასტური, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებული წერილის შემდეგ, ოპონენტების კოორდინირებული გზავნილები გახდა სხვადასხვა პლატფორმაზე. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ყოფილმა თანაგუნდელმა ოპოზიციის ტაქტიკას აღიარებითი ჩვენებიდან 8 თვეში მიმართა - საკუთარი კორუფციული დანაშაულის გადაფარვა კი ამჯერად სუიციდის დადასტურებულ ფაქტზე სიცრუის გავრცელებით და პოლიტიკური სპეკულაციებით სცადა.
საპატიმროდან გავრცელებულ მორიგ წერილში ირაკლი ღარიბაშვილმა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების შესახებ დაწერა და დასვა შეკითხვა - რა გახდა მიზეზი? ამ კითხვას კი პასუხს ჯორბენაძის მეუღლის ჩვენება სცემს. ხათუნა სირაძე დეტალურად აღწერს თვითმკვლელობის ფაქტს, დანაშაულს გამორიცხავს და ამბობს, რომ პრეტენზია არავის მიმართ არ გააჩნია.
ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებულ წერილში ისიც თქვა, რომ დღემდე რჩება კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. ეს კი ოპოზიციისთვის ყველაზე ხელსაყრელი მომენტი აღმოჩნდა - სოციალურ ქსელში იდენტური, მძიმე განცხადებების ელვის სისწრაფით გასავრცელებლად.
ამ სტატუსების ავტორების ხელწერას კარგად იცნობენ სახელისუფლებო გუნდში, თუმცა მმართველი პარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელი ირაკლი ღარიბაშვილის ქმედებაა, რომელიც ოპოზიციის მსგავსად ახლა უკვე თავადაც ცდილობს ტრაგედიით მანიპულირებას - სამართლებრივი საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადასატანად.
ზოგიერთმა ოპოზიციონერმა კი, პოლიტიკური სარგებლის მიღება სატელევიზიო ეთერებითაც სცადა. "ქართული ოცნებისთვის" ამაზე მეტყველებს ბოლო ორ დღეში მედიაში გაკეთებული განცხადებები, სადაც ოპონენტები ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს ერთმანეთის მიყოლებით იმეორებდნენ.
ღარიბაშვილის განცხადებებს შეთქმულების თეორიად მიიჩნევენ "ევროპელ სოციალისტებში". საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ლადო ბოჟაძემ, ჯერ სოციალური ქსელით, შემდეგ კი "კურიერთან" ინტერვიუს დროს მოითხოვა ღარიბაშვილისგან, განმარტოს როგორ დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება და საიდან მიიღო უკანონო შემოსავალი, რომელიც დამალა და დეკლარაციაში არ ასახა.
ირაკლი ღარიბაშვილს დანაშაულებრივი ქმედებები დღეს მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმაც შეახსენეს "ქართული ოცნებიდან". სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციასთან ერთ ხმაში საუბარი და პარტიის დისკრედიტაციის გზით საკუთარი დანაშაულის გადაფარვის მცდელობა უშედეგოდ დასრულდება.
ერთ-ერთი პირველი, ვინც ირაკლი ღარიბაშვილის წერილს გამოეხმაურა, პარტიის რეგიონული მდივანია. დიმიტრი სამხარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ღარიბაშვილმა მისი გუნდის იდეალებს უღალატა, სამშობლო კი პირად მატერიალურ კეთილდღეობაზე გაცვალა. ახლა კი, როდესაც კორუფციული დანაშაული უკვე აღიარებული აქვს, შეურაცხმყოფელი კამპანიის წარმოებას, უკანონოდ მოპოვებული ფულით მის მიერ დაფინანსებული "ასავალ-დასავალის" მეშვეობით ცდილობს.
კორუფციული სქემების ხელმძღვანელობასთან ერთად, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ქვეყნის უსაფრთხოებისთვის შექმნილ საფრთხეზე საუბრობს აზერბაიჯანული მედია. საინფორმაციო სააგენტო "ჰაქინი" წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ღარიბაშვილი უფრო მეტად პარიზის ინტერესებს ატარებდა, ვიდრე თბილისის. იქვე ვკითხულობთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საპროტესტო აქციების დროს საფრანგეთის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების ინტერესებს იცავდა.
აღიარებულ კორუფციულ დანაშაულზე ირაკლი ღარიბაშვილი ბრალს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის. 8 თვის წინ, სწორედ აღიარებითი ჩვენების საფუძველზე გაფორმდა მასთან საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად 5 წლიანი პატიმრობა და 1 მილიონი განესაზღვრა ჯარიმის სახით, თუმცა ღარიბაშვილს ახლა გაცილებით დიდი სასჯელი 11-დან 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ახალი ბრალი 24 აგვისტოს წარუდგინა. საუბარია ქართული ჯარისთვის 7 მილიონამდე ლარის ზარალზე და კორუფციულ სქემაზე, რომლითაც ღარიბაშვილმა 750 000 ლარი მიიღო ქრთამის სახით, ამავე სქემაში ჩართული იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც, რომელსაც 10 წლიანი სასჯელი უკვე განესაზღვრა.