03 სექტემბერი 2026,   13:16
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე შუა საუკუნეების დროინდელი საყოფაცხოვრებო ნივთების აღმოჩენა, დედაქალაქის მრავალსაუკუნოვანი ურბანული და ეკონომიკური განვითარების მასშტაბების დასტურია

არქეოლოგიურმა არტეფაქტებმა, რომელიც რუსთაველის გამზირზე აღმოაჩინეს, კიდევ ერთხელ დაადასტურა დედაქალაქის მრავალსაუკუნოვანი ურბანული და ეკონომიკური განვითარების მასშტაბები.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციამ არქეოლოგებს კვლევების წარმოების შესაძლებლობაც მისცა. ეროვნული მუზეუმის და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწის ქვედა ფენებში, სპეციალისტებმა კერამიკის ჭურჭელი აღმოაჩინეს. ნაპოვნია საამქროო, სადაც ჭურჭელი მზადდებოდა. ზუსტი თარიღის დადგენა რთულია, თუმცა სპეციალისტები, პერიოდს მე-10, მე-12 საუკუნით ათარიღებენ.

რუსთაველზე აღმოჩენილი სახელოსნო ადასტურებს, რომ თბილისში ადგილობრივი ინდუსტრია განვითარებული იყო. კერამიკის წარმოება კვამლთან და ხანძრის რისკთან იყო დაკავშირებული, სწორედ ამიტომ, საამქროებს ქალაქის გალავნის გარეთ აშენებდნენ. სახელოსნოები სავაჭრო გზების პირას ეწყობოდა. სწორედ დღევანდელ თავისუფლების მოედანზე იყრიდა თავს შუა საუკუნეებში დასავლეთიდან და სამხრეთიდან წამოსული ქარავნები. ინდუსტრიულ ზონაში დამზადებულ და დღეს აღმოჩენილ ჭურჭელზე შემდგომი კვლევები ეროვნული მუზეუმის ლაბორატორიაში გაგრძელდება.

ისტორიული არტეფაქტების აღმოჩენისთანავე, სარეაბილიტაციო სამუშაოები რუსთაველის გამზირის ამ მონაკვეთზე დროებით შეჩერდა. პროცესში ექსპერტები და არქეოლოგები ჩაერთნენ. გათხრებში და საველე სამუშაოებში მონაწილეობენ უნივერსიტეტის სტუდენტებიც. არქეოლოგიურ გათხრებს და მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნენ პარლამენტის თავმჯდომარე და დედაქალაქის მერი.

დოქებზე, ქვევრის ფრაგმენტებზე და საყოფაცხოვრებო ჭურჭელზე არქეოლოგები და სპეციალისტები დაკვირვებას განაგრძობენ. აღმოჩენილი მასალა კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისის ისტორიულ როლს და ფუნქციას, რომელიც მას დაკავშირებადობის კუთხით საუკუნეებია აქვს.

დღის ამბები