საქართველოში ლუქსემბურგიდან 26 კერძო საჰაერო ხომალდისგან შემდგარი ჯგუფის ავიაექსპედიცია იმართება. ექსპედიციის მონაწილეები საქართველოში 8 სექტემბრამდე დარჩებიან, ეწვევიან რეგიონებს და მონაწილეობას მიიღებენ საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაში კაჭრეთში.
მიზანი საქართველოს, როგორც ტურისტული და საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაცია და კავშირების გაღრმავებაა.
დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობასთან. ექსპედიცია საგარეო საქმეთა სამინისტროს და ლუქსემბურგში საპატიო კონსულის მხარდაჭერით ტარდება.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი აცხადებს, რომ მიზანია, ევროპულ ქვეყნებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაძლიერება.
"მიზანი არის ტურისტული პოტენციალის გაზრდა, ისევე როგორც საინვესტიციო გარემოს შესწავლა, ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავება და ზოგადად, ლუქსემბურგის და საქართველოს და სხვა ევროპულ ქვეყნებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაძლიერება, გაღრმავება", - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.