03 სექტემბერი 2026,   14:21
ვრცლად
აჭარა "გემოფესტს" უმასპინძლებს

5-6 სექტემბერს ბათუმში, ძველ ბულვარში, თეთრ კოლონადებთან, გასტრონომიული ფესტივალი "გემოფესტი" გაიმართება. ფესტივალი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.

"გემოფესტი" ორივე დღეს 15:00 საათიდან 00:00 საათამდე გაგრძელდება, დასწრება თავისუფალია.

ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება 16 ვენდორი, მოეწყობა სამეწარმეო მარკეტი, ღვინისა და ხემსის პავილიონი, დესერტების სივრცე, აგროზონა, საბავშვო სივრცე, გრილისა და ბარის ზონები.

"გემოფესტის" სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულინარიულ ტრადიციებს, დააგემოვნონ მრავალფეროვანი პროდუქცია - როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი აჭარული კერძები, და ჩაერთონ ფესტივალის გასართობ აქტივობებში.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებიც.
ღონისძიების მუსიკალურ პროგრამას დიჯეები და ბენდი გააფორმებენ.

5 სექტემბერს, 21:00 საათზე, კონცერტზე წარმოდგენილი იქნება Big Daddy Wilson ამერიკელი ბლუზისა და კლასიკური სოულის მომღერალი და კომპოზიტორი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის განცხადებით, 2026 წლის  "გემოფესტი" აჭარის ფესტივალით დაიხურება. 

"ამჯერად, "გემო" აჭარას ესტუმრება, პირველად, აჭარის რეგიონში მრავალფეროვანი, აჭარული გასტრონომიით. ეს იქნება მთის თუ ბარის აჭარული გემოები. სტუმრებს ველოდებით 5-6 სექტემბერეს ბათუმში, კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე. მთელი აჭარიდან განსხვავებული გემოებით 20-მდე ადგილობრივი მასპინძელი დახვდება სტუმრებს და განსხვავებულ აჭარულ გემოებს შემოგვთავაზებენ. "გემოფესტი" წელს მეხუთედ ტარდება, ეს იქნება ფინალური "გემოფესტი" 2026 წელს", - განაცხადა მაია ომიაძემ. 

შეფ მზარეულის, მიშა ავსაჯანიშვილის  თქმით, ფესტივალზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი აჭარული კერძები დახვდებათ. 

"ამ წლის ბოლოს, გემოფესტი უკვე აჭარაშია, თუმცა პირველად, რაც იმას ნიშნავს, რომ გელოდებათ ფანტასტიური აჭარული კერძების თანამედროვე ინტერპრეტაციები, "სთრით ფუდად" გადაკეთებული აჭარული კერძები", - განაცხადა მიშა ავსაჯანიშვილმა

"გემოფესტის" მიზანია საქართველოს რეგიონების მრავალფეროვანი სამზარეულოს პოპულარიზაცია და მეწარმეების ხელშეწყობა. ფესტივალი ერთ სივრცეში გააერთიანებს ადგილობრივ მწარმოებლებსა და გასტრონომიის მოყვარულებს, რაც რეგიონული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

დღის ამბები