05 სექტემბერი 2026,   04:39
ვრცლად
"ვეუბნებოდით საზოგადოებას, მათ შორის ახალგაზრდებს, რომ გამოგიყენებენ, გადაგაგდებენ" - გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

პარლამენტის თავმჯდომარე ვრცელ წერილს, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება. მისი შეფასებით, რადიკალური აქციის ლიდერებმა ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს, ჩაადენინეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, ახლა კი მათ დაბულინგებას ცდილობენ.

"სამწუხაროდ, ბევრი ახალგაზრდა და არა მხოლოდ ახალგაზრდა შეიყვანეს შეცდომაში ე.წ. ლიდერებმა რადიკალურ აქციაზე. მოუწოდეს, რომ ავიღოთ პრეზიდენტის სასახლე, მოუწოდეს, რომ შტურმით ავიღოთ პარლამენტი და მერე ამ ახალგაზრდებს ჩაადენინეს დანაშაული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები და მიატოვეს.

და ახლა ისიც რომ დავუშვათ ახალგაზრდები ფიქრობენ მომავალზე და უნდათ რაღაცნაირად შევიდნენ, მათ შორის, გარიგებაში სახელმწიფოსთან, რომ რაღაცნაირად თავიანთი მომავალი ცხოვრება მაინც მოაწყონ, ამაზეც აბულინგებენ. აი, ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რასაც ჩვენ ვეუბნებოდით საზოგადოებას, მათ შორის ახალგაზრდებს, რომ ეს ის ხალხია, გამოგიყენებენ, გადაგაგდებენ. ეს არის მათი სტილი და ეს ხომ მაინც უნდა გამოდგეს უკვე პრაქტიკულ მაგალითად იმისთვის, რომ მომავალში აღარ დაუშვან ასეთი შეცდომები", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მორალური ტერორი, მანიპულაციური მსხვერპლი, "უსინდისობის ტყვეობა" და დამარცხებული რევოლუციური პროპაგანდა - პარლამენტის თავმჯდომარე ვრცელ წერილს ავრცელებს, სადაც აქციებზე დაკავებულების მიმართ სახელმწიფოს მიდგომას განმარტავს.

სპიკერი სვამს 2 მთავარ კითხვას, ვის სჭირდება აქციებზე დაკავებულების ციხეში დარჩენა და თუ ხელისუფლების მიზანი ამ ადამიანების ციხეში გამოკეტვაა, რატომ არის 45 პირი დღეს თავისუფალი? - შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მსხვერპლი ახლა სწორედ მათ სჭირდებათ, ვინც ეს პირები ჯერ კანონდარღვევისკენ წააქეზეს, ახლა კი საკუთარი ინტერესების იარაღად იყენებენ.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, სახელმწიფოს მიზანი არასდროს ყოფილა მოქალაქეების ციხეში გამოკეტვა, პასუხისმგებლობის გააზრებისა და დანაშაულის აღიარების შემთხვევაში, გათავისუფლების სამართლებრივი გზა ყველასთვის ღიაა, თუმცა, სპიკერის შეფასებით, პროტესტის ორგანიზატორები დაკავებულებზე მორალურ ზეწოლას ახორციელებენ და მათ ციხეში დარჩენას აიძულებენ, რათა გარეთ ბრძოლის ილუზია შეინარჩუნონ.

დღის ამბები