ეს არის ადგილი, რომელიც დედამიწაზე თითქმის წარმოუდგენელ პირობებში ცხოვრების შესაძლებლობას მაინც იძლევა.
ნორვეგიის არქტიკულ არქიპელაგ სვალბარდზე, ჩრდილოეთის 78-ე პარალელზე მდებარე ქალაქში დაახლოებით 2 400 ადამიანი ცხოვრობს. აქ ბუნება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, ხოლო ქალაქიდან რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ უკვე არქტიკული უდაბნო იწყება. ეს ქალაქი ლონგიარბიენია.

ლონგიარბიენი ჩრდილოეთ პოლუსიდან დაახლოებით 1 300 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქს გარშემო ციცაბო მთები, მყინვარები და ფიორდებია. დასახლებაში სულ დაახლოებით 40 კილომეტრი გზაა და სვალბარდის სხვა ქალაქებთან საავტომობილო გზები საერთოდ არ არსებობს.

აქ ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ნაწილი სინათლის ცვლილებაა. პოლარული ღამის პერიოდში, დაახლოებით ოქტომბრიდან იანვრამდე, მზის პირდაპირი სინათლე არ ჩანს, ხოლო ზაფხულში რამდენიმე თვის განმავლობაში მზე საერთოდ არ ჩადის. ამ პერიოდში ქალაქში 24-საათიანი დღის სინათლეა.

ლონგიარბიენის ისტორია ქვანახშირს უკავშირდება. დასახლება 1906 წელს ამერიკელმა მეწარმემ და სამთო ინდუსტრიის პიონერმა ჯონ მუნრო ლონგიარმა დააარსა. თავდაპირველად აქ მთავარი საქმიანობა ქვანახშირის მოპოვება იყო. ბოლო ნორვეგიული ქვანახშირის მაღარო ლონგიარბიენის მახლობლად 2025 წლის ზაფხულამდე მუშაობდა. დღეს ქალაქის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი ტურიზმს, კვლევასა და განათლებას უკავია.
ქალაქის კიდევ ერთი განსაკუთრებული თავისებურება პოლარული დათვებია. სვალბარდის ველურ ტერიტორიაზე გასვლისას ადამიანებს უსაფრთხოების განსაკუთრებული წესების დაცვა სჭირდებათ. ადგილობრივი ტურისტული სამსახური პირდაპირ ურჩევს ვიზიტორებს, დასახლებიდან გარეთ დამოუკიდებლად არ წავიდნენ და ადგილობრივ გიდებთან ერთად იმოგზაურონ, რადგან პოლარული დათვის შეხვედრის რისკი რეალურია.
მიუხედავად ექსტრემალური პირობებისა, ლონგიარბიენი ჩვეულებრივი ქალაქის ფუნქციებსაც ასრულებს - აქ არის სკოლა, საბავშვო ბაღები, საავადმყოფო, მაღაზიები, რესტორნები, კულტურული სივრცეები და უნივერსიტეტი. ქალაქი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არქტიკული კვლევებისთვის: University Centre in Svalbard - UNIS მეცნიერებსა და სტუდენტებს არქტიკული ბიოლოგიის, გეოლოგიის, გეოფიზიკისა და ტექნოლოგიების მიმართულებით მასპინძლობს.

ლონგიარბიენთან ახლოს მდებარეობს ასევე სვალბარდის გლობალური თესლის საცავი — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მცენარეების თესლები ინახება, რათა მათი გენეტიკური მრავალფეროვნება მომავალშიც შენარჩუნდეს.
ქალაქის ყოველდღიურობაც უჩვეულოა. ზამთარში გადაადგილების ერთ-ერთი მთავარი საშუალება თოვლმავალია, ზაფხულში კი ფეხით, ველოსიპედით ან ავტომობილით გადაადგილდებიან. ქალაქის ცენტრში ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმი გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ მის გარეთ უზარმაზარი არქტიკული სივრცეა.
ლონგიარბიენი დღეს ძველი სამთო ქალაქიდან საერთაშორისო არქტიკულ ცენტრად გარდაიქმნა. აქ ერთმანეთს ხვდება მეცნიერება, ტურიზმი, მკაცრი ბუნება და სხვადასხვა ქვეყნის ადამიანები. სწორედ ეს კონტრასტი აქცევს მას ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო დასახლებად მსოფლიოში.
ქალაქი, სადაც რამდენიმე თვე მზე არ ამოდის, რამდენიმე თვე კი არ ჩადის - და სადაც ქალაქის საზღვრის იქით პოლარული დათვი შეიძლება შეგხვდეს. ლონგიარბიენი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთი, იზოლირებული, მაგრამ საოცრად ცოცხალი ქალაქია.

ამ ქალაქზე იმასაც ამბობენ, რომ აქ ბავშვები არ იბადებიან და მოხუცები არ ბერდებიან. ლონგიარბიენში ცხოვრება შეიძლება, მაგრამ იქ სიკვდილის შემდეგ დაკრძალვა ჩვეულებრივად ვერ ხდება.
ლონგიარბიენში მიცვალებულების დაკრძალვა შესაძლებელია, მაგრამ ძალიან შეზღუდულად.
მიზეზი სვალბარდის მუდმივი ყინულოვანი ნიადაგია (პერმაფროსტი). მიწაში დამარხული სხეული და კუბო ძალიან ნელა იშლება, ამიტომ ტრადიციული დაკრძალვა პრობლემურია.
განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ინფექციური დაავადებით გარდაცვლილ ადამიანებს იქ არ კრძალავენ - ასეთ შემთხვევებში სხეულს სვალბარდიდან ნორვეგიის მატერიკზე გადაასვენებენ.

ლონგიარბიენში არსებული სასაფლაო ძირითადად ძველი საფლავებისთვის გამოიყენება და ახალი დაკრძალვები ძალიან შეზღუდულია. დღეს, როგორც წესი, გარდაცვლილს ნორვეგიის მატერიკზე გადაასვენებენ კრემაციისთვის ან დაკრძალვისთვის.