დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ინოვაციური მედიკამენტის შემოტანას დიდ გამარჯვებად აფასებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ საბოლოო გამარჯვება ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომი წამლის მიღება იქნება. დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობლის, კახა წიქარიშვილის განცხადებით, ახალი პრეპარატი პაციენტების ნაწილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, თუმცა აუცილებელია მოლაპარაკებების გაგრძელება იმ მედიკამენტზე, რომელიც გამონაკლისის გარეშე ყველა ბავშვზე გავრცელდება.
"რასაც მივაღწიეთ დღეს, ესეც დასაფასებელია, ვინაიდან ეს არის პირველი ნაბიჯი წამლების მიმართულებით. ეს არის სერიოზული წამალი, რომელიც ძალიან ხელს შეუწყობს ბავშვების, პაციენტების ნაწილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას, ამიტომ ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, მაგრამ იმ მედიკამენტზე, რომელიც ყველა ბავშვზე ვრცელდება, ჯერჯერობით, არ არის შეთანხმება მიღწეული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში თუ კვირებში ეს შეთანხმება შედგება და წამალს მიიღებს ყველა ბავშვი. საბოლოო გამარჯვება იქნება მაშინ", - აცხადებს კახა წიქარიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იტალიურ ფარმაცევტულ კომპანია "იტალფარმაკოსთან" (Italfarmaco) შეთანხმებას მიაღწია, რომლის საფუძველზეც ქვეყანა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) სამკურნალო უახლეს მედიკამენტს, "ჯივინოსტატს" (Givinostat) შეიძენს. აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია 6 წლის ასაკიდან იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც გადაადგილების უნარი შენარჩუნებული აქვთ. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ მედიკამენტს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში რთავს.