30 ივლისი 2026,   13:44
ვრცლად
2026-2027 სასწავლო წლის მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ცნობარი გამოქვეყნდა

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2026-2027 სასწავლო წლის მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ცნობარი გამოაქვეყნა.

ცნობარი მოიცავს ინფორმაციას იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და მისაღები ადგილების შესახებ, რომლებზეც აპლიკანტებს 2026-2027 სასწავლო წლისთვის განაცხადის წარდგენა შეუძლიათ.

მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას 18 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აცხადებს, მათ შორის 12 სახელმწიფო და 6 კერძო. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

მიმდინარე მიღების ფარგლებში ჯამში გამოცხადებულია 2302 ადგილი, საიდანაც 2112 ადგილი განსაზღვრულია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის, ხოლო 190 ადგილი - სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის.

მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები შესაბამის სტანდარტზე დაფუძნებული 60-კრედიტიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებია, რომლებიც მომავალი მასწავლებლებისა და სპეციალური მასწავლებლების პროფესიული კომპეტენციების განვითარებას ემსახურება. პროგრამების ხანგრძლივობა არანაკლებ ერთ სასწავლო წელს შეადგენს, რომელთა წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა შესაბამის საგანში მიღებული შედეგებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდების საფუძველზე ხორციელდება. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის კი აუცილებელია საბაზო პროფესიული უნარებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდების წარმატებით ჩაბარება.

დღის ამბები