მიზანიც ცნობილია და მორიგი პოლიტიკური თავდასხმის სცენარიც - ოფიციალური თბილისი დარწმუნებით ამბობს, რომ საქართველოზე კოორდინირებული შეტევის ავანგარდში მყოფი ჯო უილსონის სურვილი ქართულ-ამერიკული ურთიერთობის დაზიანება და ქვეყნის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩართვაა. თბილისიდან მწვავე პასუხის საფუძველი თავად მტრულად განწყობილი კონგრესმენის მორიგი განცხადება გახდა - საქართველოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ, რაც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მორიგ მცდელობადაც შეფასდა.
მმართველმა ძალამ ოპოზიციის ლობისტი უილსონის მტრული დამოკიდებულება ბევრჯერ დაინახა, მათ შორის "მეგობარი აქტის" სახელით ცნობილი დოკუმენტის ინიციირების დროს. შემდეგ, მის მოთხოვნებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ. რამდენიმე კვირის წინაც, როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი წარუდგინა და დღესაც, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ მორიგი კანონპროექტი სოციალური ქსელით დააანონსა.
არის თუ არა ოპოზიციის ცნობილი ამერიკელი ლობისტის ეს განცხადებაც ლობისტური კამპანიის ნაწილი? - ამ კითხვაზე პასუხს უილსონის ქართველი პარტნიორები ტრადიციულად თავს არიდებენ. ოპოზიცია დღეს მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ტრამპის პარტიის წარმომადგენელს, რომელიც ტრამპის პოლიტიკას ხშირად აცდენილია, საქართველოსთან დაკავშირებით კეთილშობილური მიზნები აქვს.
მმართველ პარტიაში კი დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციის მაშველ რგოლად ქცეულმა კონგრესმენმა ახალი კანონპროექტის ინიციირება სწორედ ოპოზიციის დახმარების მიზნით გადაწყვიტა. მმართველი ძალისთვის ამაზე მეტყველებს ჯო უილსონსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ამერიკული "ფარას" დოკუმენტებით გამოაშკარავებული ფინანსური კავშირებიც. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაირკვა, რომ სააკაშვილის პარტიამ ლობისტური მომსახურების სანაცვლოდ კონტრაქტი კომპანია "ნელსონ მალინსთან" გააფორმა, რომელიც ჯო უილსონის შემომწირველი იყო და წლების განმავლობაში კონგრესმენის პოლიტიკურ აქტივობებს აფინანსებდა. ეს კი უმრავლესობისთვის საკმარისი მტკიცებულებაა.
მიზანმიმართული შეტევების მიუხედავად, ოფიციალური თბილისი დარწმუნებულია, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გადატვირთვის პროცესზე შიდა და გარე ძალები გავლენას ვერ მოახდენენ, რადგან მიზანი მკაფიოა - აღდგეს სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობა, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით.