30 ივლისი 2026,   11:22
ვრცლად
რუსთველის გამზირის რეაბილიტაცია - 4 თვიანი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ორი საუკუნის ისტორიის გამზირი განვითარების და განახლების ახალ პერიოდს იწყებს. დედაქალაქის მთავარ გამზირზე თბილისელებს მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში განსხვავებული ვითარება დახვდებათ. მიზეზი ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაციაა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, დედაქალაქის მთავარი სატრანსპორტო არტერია თბილისელებს განსხვავებული იერსახით დაუბრუნდება.

თბილისის რელიეფი და განაშენიანება, პროექტის შესრულების დროს კომპლექსურ მიდგომებს მოითხოვს. ამას ემატება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები და ელექტროგადამცემი ხაზები, რომლებიც მოძველებულია და განახლებას საჭიროებს.

თითქმის ერთი კვირაა დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტილია. პროექტის განხორციელება მიწისქვეშა სამუშაოებით დაიწყო. კომპანიაში განმარტავენ, რომ ადგილობრივებს წყლის მიწოდებაზე შეფერხება არ ექნებათ. არსებულ ქსელებს ექსპლუატაცია ახალი საკომუნიკაციო სისტემებით ჩანაცვლების შემდეგ შეუწყდება.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოწესრიგდება ტრანსპორტის გადაადგილებაც, რაც რუსთაველის გამზირს უფრო გამტარუნარიანს გახდის. ორმხრივი გახდება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა. თავისუფლების მოედნიდან ავტომობილებს გადაადგილება ჭიჭინაძის ქუჩაზეც შეეძლებათ.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის 50 მილიონი ლარია გამოყოფილი. მოძველებული ინფრასტრუქტურის შეცვლის გარდა, მნიშვნელოვანი კომპონენტია გამწვანებითი სამუშაოები. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტი გამზირზე არსებულ ისტორიული შენობების და გარე ფასადების განახლებას გეგმავს.

დღის ამბები