29 ივლისი 2026,   23:31
ვრცლად
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში ანტისანიტარიისა და უსაბუთო პროდუქციის გამო, ობიექტები დახურა

ანტისანიტარია, გაურკვეველი წარმომავლობის პროდუქტები, არასათანადო რეცხვა, დეზინფექცია და ჰიგიენური ნორმების დარღვევა - ეს ის კრიტიკული შეუსაბამობებია, რომლის გამოც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში საზოგადოებრივი კვების ობიექტები დახურა.

"თევზის სახლი" - ობიექტი, რომელიც ადგილობრივებსა თუ ტურისტებს ზღვის პროდუქტებით უმასპინძლდებოდა, საკვები პროდუქტების ვარგისიანობისა და წარმომავლობის შესახებ დოკუმენტაციის არ ქონის გამო დალუქეს. სხვა მნიშვნელოვან დარღვევებთან ერთად ობიექტს არ ჰქონდა ბიზნესოპერატორის რეგისტრაცია, შესაბამისად, არც საქმიანობის უფლება.

რესტორან "ჯარგვალში" კი, რომელიც ცნობილია მეგრული სამზარეულოთი, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს ადგილზე ანტისანიტარია დახვდათ.

დალუქულ ობიექტებს გახსნის უფლება მხოლოდ მას შემდეგ ექნებათ, როდესაც კრიტიკულ შეუსაბამობებს გამოასწორებენ და დაკისრებულ ჯარიმას გადაიხდიან. სურსათის ეროვნული სააგენტო კი ტურისტული სეზონის პერიოდში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს შემოწმებას უფრო აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

სესი კვების ობიექტების შემოწმებას არა მხოლოდ საკურორტო ზონებში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად ბიზნეს ოპერატორებს აჯარიმებს ან ლუქავს. მოქალაქეებს კი მოუწოდებს დარღვევების შესახებ დატოვონ შეტყობინება სააგენტოს ცხელ ხაზზე.

დღის ამბები