29 ივლისი 2026,   23:32
ვრცლად
ცეცხლის კერები სამ ქვეყანაში და ათიათასობით ევაკუირებული ადამიანი - ევროპაში ხანძრების საფრთხე იზრდება

სტიქიური უბედურების მერვე დღეს, საფრანგეთი ხანძრებს უპრეცედენტო ოპერაციით უპირისპირდება. ჟირონდის და ლანდის დეპარტამენტებში გადასროლილია ქვეყნის სახანძრო-სამაშველო სამსახურის სრული შემადგენლობა 2 200-ზე მეტი მეხანძრე. ძალისხმევის მიუხედავად ძლიერი ქარი ცეცხლის გავრცელებას უწყობს ხელს, რის გამოც ზოგიერთ მონაკვეთზე დანაყოფები 30-საათიან ცვლაში მუშაობენ. ევაკუირებული დასახლებების დაცვას შეიარაღებული ძალები და სამხედრო პოლიცია უზრუნველყოფს. ოპერაციაში ჩართულია მძიმე ტექნიკა, საქმეშია ავიაციაც 20-მდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

ყველაზე რთული ვითარება ჟირონდის დეპარტამენტშია, ხანძარი ქალაქ ბორდოს 15 კილომეტრზე უკვე მიუახლოვდა. ევაკუირებულია 220 ათასზე მეტი ადამიანი. განადგურებულია 240 საცხოვრებელი სახლი, დაშავდა 126 მეხანძრე. ვითარებას დამატებით ართულებს ხანძრის ზონაში ჩამოყალიბებული იშვიათი ატმოსფერული ფენომენი. ხანძრისგან წარმოქმნილი ღრუბელი რომელიც თავად ცვლის ამინდს აჩენს ჰაერის ნაკადებს, რაც ძლიერ ქარს იწვევს და ახალი კერების გაჩენის რისკს ქმნის.

სტიქიას ებრძვიან მეზობელ ესპანეთშიც. ქვეყანაში ამჟამად ხანძრის ათი აქტიური კერაა. ყველაზე მძიმე ვითარება მადრიდის დასავლეთით, სიერა-ოესტესა და ბურგოჰონდოს რეგიონებშია, სადაც ცეცხლმა 50 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა. ცეცხლის შეკავებას რთულ რელიეფს და მაღალი ტემპერატურის პირობებში ცდილობენ. სიცხე კი 42 გრადუსს აღწევს, რის გამოც განგაშის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული. დაზარალებული რაიონებიდან უკვე ევაკუირებულია 63 ათასზე მეტი ადამიანი.

რთული ვითარებაა თურქეთშიც, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. მუღლას პროვინციაში ცეცხლი თავდაპირველად სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიაზე გაჩნდა და მოგვიანებით ტყის მასივზე გავრცელდა. ამჟამად სახანძრო სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 5 თვითმფრინავი, 12 ვერტმფრენი, 35 სახანძრო მანქანა და ოთხასამდე მეხანძრე.

ევროპაში გახშირებული ტყის ხანძრების მთავარ მიზეზებად მეცნიერები კლიმატის ცვლილებას, ხანგრძლივ გვალვებს და ტემპერატურის მატებას ასახელებენ. ექსპერტების შეფასებით გლობალური დათბობის გამო სამხრეთ ევროპის და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ზაფხული უფრო ცხელი და მშრალი ხდება, რაც ტყის ხანძრების გაჩენისა და სწრაფი გავრცელების საფრთხეს ზრდის.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები