30 ივლისი 2026,   00:02
ვრცლად
17 წლის შემდეგ ნაურუმ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა - გადაწყვეტილებას თბილისში ქართული დიპლომატიის წარმატებად აფასებენ

17 წლის შემდეგ უკან წაღებული ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილება ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის გაწეული თავდაუზოგავი შრომისა და აქტიური ძალისხმევის შედეგია.

რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის 26 აგვისტოს გამოაცხადა. ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა მხოლოდ 4-მა ქვეყანამ - ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ აღიარა. ნაურუმ დიპლომატიური ურთიერთობა საოკუპაციო რეჟიმებთან 2009 წლის დეკემბერში დაიწყო და 2026 წლის 21 ივლისს გააუქმა. ნაურუს მსგავსად კიდევ ორმა კუნძულოვანმა სახელმწიფომ - ვანუატუმ და ტუვალუმ ერთმანეთის მიყოლებით: 2013-14 წლებში აღიარება უკან გაიწვიეს და ამ ნაბიჯით, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირეს მხარი.

ფაქტს, რომ უკვე ერთი ქვეყნით ნაკლებია ჩამონათვალში, რომლებიც ამ დრომდე ინარჩუნებენ დიპლომატიურ კავშირს საოკუპაციო რეჟიმებთან, მიესალმებიან ოპოზიციაშიც. თუმცა ხელისუფლების ოპონენტები მთავრობას არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით ძალისხმევის გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ნაურუს მხრიდან ცხინვალთან და სოხუმთან დიპლომატიური ურთიერთობების ანულირება სიმპტომატური უნდა გახდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც. სახელისუფლებო პარტიის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ქართული დიპლომატიის აქტიურობა მომავალშიც ხელშესახებ შედეგებს მოიტანს.

ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას საგარეო უწყება ოფიციალური დანამდვილებითაც გამოეხმაურა. უწყებაში ამბობენ, რომ საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას დაამყაროს ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას.

დღის ამბები