"საქართველოს მთავრობა სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების უპრეცედენტო პროგრამას ახორციელებს. მსგავსი მასშტაბის პროექტები ჩვენს ქვეყანაში აქამდე არასდროს განხორციელებულა. პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 55 ლოკაციაზე შენდება საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი, ასევე ათობით სარაგბო მოედანი და მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი", - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.
რევაზ სოხაძე კახეთის რეგიონში მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახმეტის, თელავის, ყვარლის, გურჯაანის, წნორისა და საგარეჯოს საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობის მიმდინარეობა დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას ახორციელებს. პროგრამა რეგიონებში თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი სავარჯიშო გარემოს შექმნასა და სპორტში მათი ჩართულობის გაზრდას ემსახურება.
ახმეტაში, თელავში, ყვარელში, გურჯაანში, წნორსა და საგარეჯოში მიმდინარე პროექტების ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონები, რომლებიც ითვალისწინებს 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებს, გასახდელებს, საშხაპეებს, სველ წერტილებს, სამედიცინო ოთახებსა და სპორტსმენებისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურას.
თელავის საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა, 12 ივლისის სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის შემდეგ განახლებულია და პროექტი დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.
რევაზ სოხაძე ადგილზე გაეცნო ასევე თელავში ახალი, უეფას III კატეგორიის, 4 500 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის პროექტირების მიმდინარეობას პროექტის ავტორებთან - არქიტექტორებთან ერთად. ახალი სტადიონი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება და მოიცავს სპორტსმენებისთვის, ოფიციალური პირებისთვის, მედიისა და მაყურებლებისთვის საჭირო სრულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის გასახდელებს, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახებს, დოპინგ-კონტროლის სივრცეს, მედიაცენტრს, საკონფერენციო დარბაზს, ადაპტირებულ ინფრასტრუქტურასა და თანამედროვე ტექნიკურ სისტემებს.
"დარწმუნებული ვარ, ეს პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც კახეთის რეგიონისა და მისი მუნიციპალიტეტების, ისე მთლიანად ქვეყნის მასობრივი სპორტისა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. თანამედროვე სპორტული სივრცეები ახალგაზრდებს უკეთეს პირობებს შეუქმნის ვარჯიშისა და პროფესიული განვითარებისათვის", - განაცხადა რევაზ სოხაძემ.