ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, ამერიკის საელჩოს განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“.
მეტრეველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრინციპი დემოკრატიული და მისაღებია, თუმცა, ლოგიკურ კითხვას აჩენს ის ფაქტი, რომ დასავლეთის ქვეყნებსა და საქართველოს მიმართ სიტყვის თავისუფლების საკითხზე განსხვავებული მიდგომა იკვეთება.
„ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ „სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“. ეს პრინციპი, ერთი შეხედვით, მისაღები და დემოკრატიულია. მაგრამ ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა, თუ რატომ არ ვხედავთ ამავე მიდგომას ყველა ქვეყანაში ერთნაირად?
როდესაც დასავლეთის ქვეყნებში კონტენტის შეზღუდვა, სოციალური ქსელების რეგულირება ან სხვა ზომები მიიღება, ეს ხშირად აიხსნება დეზინფორმაციასთან ბრძოლითა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვით. საქართველოში კი მსგავსი საკითხების განხილვაც კი ხშირად სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად ფასდება.
სიტყვის თავისუფლება მართლაც უნივერსალური ღირებულებაა, თუმცა მისი დაცვა და შეფასებაც უნივერსალური უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ერთი და იგივე პრინციპი სხვადასხვა ქვეყნის მიმართ განსხვავებული სტანდარტით გამოიყენება.
სწორედ ამიტომ, ასეთ განცხადებებს მეტი დამაჯერებლობა ექნებოდა, თუ ისინი თანაბარ სტანდარტს დაეფუძნებოდა და არა შერჩევით მიდგომას. დემოკრატიის მთავარი ძალა ხომ არა ორმაგი სტანდარტი, არამედ თანმიმდევრულობაა.“ - წერს მეტრეველი.