16 ივლისი 2026,   20:36
ვრცლად
ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებული კიბიდან გადმოაგდო, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, გვამი კი თავისივე სახლის ეზოში დამარხა - პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 22 ოქტომბერს დმანისში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებული ხელის დარტყმით კიბიდან გადმოაგდო, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულმა გვამი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა, ხოლო მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს ფარულად დაეუფლა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 5 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა) წარედგინა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დღის ამბები