თანამედროვე ოპერატიული ჯგუფები, სტრატეგიული ობიექტების დაცვა და საქართველოს ტერიტორიაზე 17 000 ლოკაციის უსაფრთხოებაზე აღებული პასუხისმგებლობა. დღეს დაცვის პოლიცია 22 წლის გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის პირად შემადგენლობას განსაკუთრებული თარიღი ხელმძღვანელმა საზეიმო ღონისძიებაზე მიულოცა.
ირკვევა, რომ დაცვის პოლიციის ეფექტიანი ოპერატიული მუშაობისთვის, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ავტოპარკისა და სპეციალური აღჭურვილობის განახლება. ამასთან, საქართველოში მხოლოდ დაცვის პოლიცია იყენებს უახლესი თაობის სატელიტურ სისტემას. "ეი-ი-ეს ინტელინეტის" ტექნოლოგია ობიექტიდან სიგნალის უდანაკარგო მიღებასა და მყისიერ დამუშავებას უზრუნველყოფს. დეპარტამენტის საქმიანობა დროთა განმავლობაში მიზიდულობის ცენტრად იქცა ახალი თაობისთვის, რომლებიც შემადგენლობის რიგებს ყოველდღიურად უერთდებიან.
თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად, პოლიციის მთავარი საყრდენი გამოცდილი კადრებია. დღეს ის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც ქუთაისში ძვირფასეულობის მაღაზიის ძარცვა აღკვეთეს. მაიორმა ზაზა პატარიძემ, უფროსმა სერჟანტმა იაგო გოგოლაძემ და უმცროსმა ინსპექტორმა ტრისტან ხინჩიაშვილმა დამნაშავე ადგილზევე დააკავეს. ამავე ღონისძიებაზე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ჯილდო დეპარტამენტის არაერთ სხვა თანამშრომელსაც გადაეცა.
ფიზიკური და იურიდიული პირების ქონება, მოქალაქეთა პირადი უსაფრთხოება და ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები - ამ მიმართულებების დაცვაზე უწყება, უკვე 2 ათეულ წელზე მეტია, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.