პარტია, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ აღიარა, რომ წინა თავმჯდომარის შეცვლის ოფიციალური ვერსია სიცრუე იყო, ახლა უკვე ახალი ლიდერის არჩევისთვის ემზადება. თანაგუნდელები ერთმანეთის ყველაზე მწვავე კრიტიკოსები გახდნენ. პარტიის შიგნით კი თავმჯდომარის პოსტისთვის მორიგი პოლიტიკური ტრანსფერი იწყება.
მალე "ნაციონალური მოძრაობა" ყრილობას გამართავს. პარტიას ახალი თავმჯდომარე ეყოლება, თუმცა ინტრიგა უცვლელია - შეიცვლება მხოლოდ გვარი თუ გადაწყვეტილების მიმღებიც? რამდენიმე დღეში გაირკვევა, გადამწყვეტ სიტყვას მართლაც ყრილობა იტყვის, თუ მთავარი სასტარტო შემადგენლობა და თამაშის ტაქტიკა ისევ რუსთავის ციხიდან განისაზღვრება.
სიმართლის აღიარებას ორი წელი დასჭირდა. როგორც ამბობს, მიზეზიც აქვს, რატომ მოატყუა ამომრჩეველი - ეს მისი სურვილი არ ყოფილა, დამფუძნებელმა მამამ ზუსტად ასე მოსთხოვა.
მიშა ისე მოიქცა, როგორც მიშას სჩვევია. ჯერ ქვეშევრდომები აიძულა ეცრუათ, შემდეგ კი, კომიკურ მდგომარეობაში ჩავარდნილი პოლიტიკოსები, სათავისოდ გამოიყენა. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ "ნამდვილ" თავმჯდომარეს არც "სახელად" თავმჯდომარე ჩამორჩა, ხელში სისწრაფე მოიმარჯვა და ხალხს უთხრა, რომ ხაბე თანამდებობიდან არა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არამედ მხოლოდ იმიტომ გაუშვეს, რომ "ხაბეა".
არადა, სულ რაღაც 2 წლის წინ, 2024 წლის მარტში, როცა მასთან ინტერვიუს ვწერდით, ჯერ კიდევ "თავმჯდომარის" ამპლუას ირგებდა და რაც მთავარია, ამის თავადაც გულწრფელად სჯეროდა. ყოველ შემთხვევაში, მაშინდელი ხაბე სხვა, ბევრად უფრო ამბიციური ტონით საუბრობდა.
ასეთი ომახიანი ტემბრით და ფიზიკური ვარჯიშის დემონსტრირებით, როგორც ჩანს, იმის გადაფარვას ცდილობდა, რამაც ცოტა ხანში მიშას იმედები საბოლოოდ გაუცრუა.
"ქურქუმალ ვაითი", ანუ ინგლისურის არცოდნა - როგორც გაირკვა, სწორედ ეს გახდა ის ოფიციალური მიზეზი, რამაც სააკაშვილს ხაბეიშვილის ბოკუჩავათი ჩანაცვლება გადააწყვეტინა.
სააკაშვილის ლოგიკით გამოდის, რომ თუ ხაბეიშვილი "ჩვეულებრივია", პარტიაში დარჩენილი ყველა სხვა ლიდერი ავტომატურად "არაჩვეულებრივი" ხდება. თუმცა, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, დგება მომენტი, როცა წყალი ამ არაჩვეულებრივებსაც შეუდგებათ ხოლმე და მათ ადგილს უკვე მოწოდებით "მიშისტები" იკავებენ.
ადამიანი, რომელიც ღიად ამბობს, რომ "ნაციონალი" არ არის, სწორედ "მიშისტობის" კვოტით განიხილება პარტიის თავმჯდომარეობის მთავარ კანდიდატად. ბუნებრივია, ეს პარადოქსი "ნაციონალური მოძრაობის" ძველ სახეებს და ვეტერანებს არ მოსწონთ.
როგორი იქნება "ნაციონალებში" ახალი თამაშის წესები, ამას დრო გვაჩვენებს. მათი დისკრედიტაცია უკვე მომხდარია, ამიტომ, ახლა მთავარი საზრუნავი არა იმიჯის გადარჩენა, არამედ გადამწყვეტ მატჩამდე როგორმე ისე მიღწევაა, რომ საბოლოოდ არ განადგურდნენ. თუ ყოფილ "ნაციონალებს" მოვუსმენთ, პოლიტიკური გადარჩენაც კი იმდენად რთული ამოცანაა, მოქმედმა წევრებმა ეს მისია შესაძლოა პირნათლად ვეღარც შეასრულონ.
გვარამიას ამ დიაგნოზს სააკაშვილი, რა თქმა უნდა, არ იზიარებს. ექს-ბელადის ციხიდან გამოგზავნილი მორიგი ეპისტოლეებით ირკვევა, რომ მას ამ ფსევდო-ოპოზიციური ერთობის საერთოდ არ სჯერა. მსჯავრდადებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ალიანსი ბუნებაში აღარც არსებობს და მასზე სერიოზულად საუბარიც კი კომიკურია.
ცალკე ისტორიაა კონკურენტ-პარტნიორ პარტიებს მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესპროექტი რომ უწოდა. პასუხად კი ყოფილმა თანაპარტიელებმა საძმოს მეთაურად მოიხსენიეს.
სააკაშვილის მემუარებად ქცეული ციხის წერილები, მიშას რჩეულობისთვის ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსების ბრძოლა და ყოფილი "ნაციონალების" მოჩვენებითი დისტანცირება მშობლიური პარტიისგან - უკვე კომიკური ჟანრის სერიალად იქცა. ამის მაყურებელს მხოლოდ ერთი სურვილი აქვს: ეს მელოდრამა ოდესმე დასრულდეს. მსახიობებიც და არცთუ ისე ნიჭიერი რეჟისორიც ყველას თვალში გაიშიფრა, მათ შორის, მმართველი გუნდისთვისაც. აქ მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ახლა მხოლოდ გარე აქტორების თვალში ცდილობს ისეთი სურათის შექმნას, თითქოს გადაწყვეტილების მიმღები მთავარი პირი კვლავ თავადაა.
მთელი ეს პოლიტიკური აურზაური ახლა ყველაზე მეტად ტიტანიკის გემბანზე კამათს ჰგავს - როცა გემი უკვე კარგა ხანია ფსკერისკენ მიდის, მგზავრები კი კვლავ იმაზე ჩხუბობენ, ვის უფრო საპატიო სკამი შეხვდება კაპიტნის მაგიდასთან. სანამ ოპოზიციურ ფლანგზე იმას არკვევენ, ვინ მეტ პროცენტს აიღებს, ამომრჩევლისთვის ერთი რამ ხდება ცხადი: აქ მთავარი ბრძოლა ხელისუფლების შესაცვლელად კი არა, პოლიტიკური რადარიდან საბოლოოდ გაქრობის გადასავადებლად მიმდინარეობს.