სიტყვა, რომელიც ძალადობას კვებავს - სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მოსამართლეებს სულ უფრო ხშირად უწევთ. თითოეული პროცესი კი კონკრეტულ დავაზე მეტია - ის განსაზღვრავს, რამდენად შეუძლია სახელმწიფოს დაიცვას ადამიანის ღირსება და თანასწორობა.
სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება, სიძულვილისა და ზიზღის ენის გამოყენება - უკვე მეორე თვეა, რაც საჯარო სივრცეში გაკეთებულ ამ შინაარსის განცხადებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მთავარი მიზანი სოციალურ ქსელებში ადამიანის ღირსების შემლახველი კომენტარების პრევენციაა.
საქმიანობის ერთი თვე და სავარაუდო კანონდარღვევის 170 ფაქტი - სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ყველა კანონდამრღვევი პირის მიმართ მიმდინარეობს.
სასამართლო განიხილავს ყველა საქმეს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა.
სიძულვილის ენა ხშირად მხოლოდ შეურაცხმყოფელ ფრაზად აღიქმება, თუმცა მისი შედეგები გაცილებით მძიმეა - ის აღრმავებს დაპირისპირებას, ახალისებს დისკრიმინაციას და ზოგჯერ ძალადობის საფუძველსაც ქმნის. ამიტომ, სასამართლოს როლი მხოლოდ კანონდარღვევაზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განსაზღვრით არ შემოიფარგლება - თავისი გადაწყვეტილებებით ის ამკვიდრებს სტანდარტს, რომლის მიხედვითაც განსხვავებული აზრის გამოხატვა დასაშვებია, მაგრამ სიძულვილის გაღვივება - დაუშვებელი.
საქართველოს ხელისუფლების მიზანი სიძულვილის ენისა და დაპირისპირებისგან მაქსიმალურად თავისუფალი საზოგადოებაა - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნა 1 თვის წინ სახელმწიფო მინისტრმა დააანონსა. მამუკა მდინარაძემ დეპარტამენტის ერთთვიანი მუშაობა შეაჯამა, თქვა რომ საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენება შემცირდა, თუმცა გაზრდილია სამმართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართული თავდასხმები, რომლის ავტორებიც ოპოზიციის ლიდერები და მათ მხარდამჭერები არიან.
კონკრეტულ განცხადებებთან დაკავშირებული საქმეები, ერთი შეხედვით, ინდივიდუალურ დავებად შეიძლება აღიქმებოდეს, თუმცა მათი გავლენით ყალიბდება უფრო ფართო სამართლებრივი სტანდარტები. ისინი განსაზღვრავს, როგორ აბალანსებს სახელმწიფო გამოხატვის თავისუფლებას ადამიანის ღირსების, თანასწორობისა და უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებასთან. ამ ფონზე, მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
სიძულვილის ენა მხოლოდ შეურაცხყოფად არ განიხილება. ის ხელს უწყობს საზოგადოებრივი უნდობლობის, პოლარიზაციისა და ძალადობის რისკის ზრდას. შესაბამისად, დემოკრატიული სახელმწიფოები ცდილობენ ერთდროულად დაიცვან გამოხატვის თავისუფლება და თავიდან აიცილონ ისეთი რიტორიკის წახალისება, რომელიც ადამიანებს მათი იდენტობის გამო თავდასხმის სამიზნედ აქცევს.