აბანო თითქოს ჩვეულებრივი რამ არის... აბანოში ჰბანაობენ, ტანს ისუფთავებენ; ასეა ყველგან და ყოველთვის, მაგრამ აბანო ტფილისში... იგი მეტად ორიგინალური და განსაკუთრებით ტფილისურია.
აბანოების უბანი თბილისის უძველესი ნაწილია. ამ ადგილზე წარმოიშვა, როგორც ჩანს, პირველი დასახელება, აქ დაირწა თბილისის აკვანი. აბანოების უბანსა და მის მიმდებარე სეიდაბადში (დასახელება გვიანდელია) შუა საუკუნეებში უმეტესად სპარსელები სახლობდნენ. ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს, რომ „ტფილისს დის ცხელი წყალი კლდიდამ, არს მით აბანო ექვსნი… აქ დაასხა შასეფიმ სეიდნი, მის გამო სპარსნი უწოდებენ სეიდაბადს“.
თბილისური აბანოების დიდი ნაწილი თურმე კერძო პირთა საკუთრებას წარმოადგენდა, ამიტომ ესა თუ ის აბანო თავისი პატრონის სახელს ატარებდა. ასე მაგალითად, მელიქ ელანას ან ყიასა ვეზირის აბანო…. ან კიდევ სახელებს მათ ხალხი არქმევდა: სახალხო აბანო, ციხის აბანო, დიდი აბანო, პატარა აბანო და ასე შემდეგ… XX საუკუნის ბოლოს თბილისში, აბანოთუბანში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად უძველესი აბანოს ნაშთებიც აღმოჩნდა.

ვახუშტი ბაგრატიონი აბანოების უბანს სეიდაბადის ერთ ნაწილად წარმოგვიდგენს. თბილისის აბანოები იხსენიება ძველ საბუთებში და მოგზაურთა აღწერებშიც. მე-10 საუკუნის არაბი გეოგრაფის აღწერით, „აქ წყალი უცეცხლოდ დუღს“.

ვახუშტი ქალაქში ექვს აბანოს ითვლიდა, როგორც ჩანს, ზოგიერთი მათგანი აღა-მაჰმად-ხანის შემოსევებს შეეწირა, რადგან 1800 წლის გეგმაზე მხოლოდ ოთხი აბანოა ამ უბანში აღნიშნული. მე-19 საუკუნის შუა ხანის თბილისის გეგმაზე კვლავ ექვსი აბანოა დატანილი. საინტერესო ცნობებს ვპოულობთ მეფე გიორგი მეთორმეტის ერთ-ერთ სიგელში, სადაც, სხვათა შორის, მეითარისა და ბებუთას აბანოების ერთგვარი ლოკალიზაციაა მოცემული.

ბებუთას აბანო მეითარის აბანოს დასავლეთით, თაბორის მხარეს ყოფილა. როგორც მე-19 საუკუნის გეგმებიდან ირკვევა, ციხის კართან ყველაზე ახლოს თბილისის (სიონის) აბანო იყო განლაგებული. მას გვიან ერეკლეს აბანოსაც უწოდებდნენ. მის დასავლეთით, ოდნავ მოშორებით კი მელიქის აბანო მდებარეობდა. ძველ აბანოთაგან, ერეკლეს აბანოს გარდა, აღნიშნულია მეითარის (მე-17 საუკუნის პირველი ნახევარი), ენალას (მე-17 საუკუნე), გრილი აბანო (მე-17 საუკუნე), ბებუთასი (ასევე მე-17 საუკუნე). მეითარის აბანოს სუმბათოვისა ეწოდა. გრიგოლ აბანოს, რომელიც მტკვრის სიახლოვეს მდებარეობდა, შიოევის აბანოსაც უწოდებდნენ. აბანო იყო ციხის გალავნის შიგნითაც – „ხოჯას აბანო“, ეს ის აბანოა, სადღაც აღა-მაჰმად-ხანს განკურნება უცდია და გაცბუნებულს მისი დანგრევა უბრძანებია.

აბანოების სახელები ხშირად მისი მფლობელის სახელიდან ან თანამდებობიდან გამომდინარეობდა, ამიტომ, იცვლიდა ხოლმე აბანო სახელწოდებას იმის მიხედვით, თუ ვის მფლობელობაში იყო იგი.

აბანოებს, ძირითადად, ირანული არქიტექტურის კვალი ატყვიათ. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აღმოსავლურ ყაიდაზე გადაკეთდა „ჭრელი აბანო“, სახელწოდება მან მიიღო სხვადასხვა ფერის ფილებისაგან, რომლებითაც მოპირკეთებულია მინარეთისმაგვარი კოშკებით დაგვირგვინებული მისი პორტალი.

ძველი თბილისის აბანოებს მხოლოდ ჰიგიენური დანიშნულება როდი ჰქონდათ. ისინი, გარკვეულწილად, საზოგადოებრივ დანიშნულებასაც ასრულებდნენ. იოსებ გრიშაშვილი წერდა: „წინათ აბანო მსურველთათვის ღია იყო, ხალხს გათენებამდე შეეძლო შიგ ყოფნა. აბანო ზოგჯერ ჩამოსული გლეხისათვის სასტუმროს დანიშნულებასაც ასრულებდა. საქონელს ბაკში მირეკავდა, თვითონ კი, გაბანილ-გასპეტაკებულს, ორშაურად მთელ ღამეს აბანოში არხეინად ეძინა…

აბანოში ქალები მთელი დღით რჩებოდნენ და სადილობდნენ კიდეც… მერე ჩაის სმა იწყებოდა… ეს იყო მათი კლუბიცა და თეატრიც. გარდა ამისა, ქალებს საშუალება ეძლეოდათ, აბანოში გამოეფინათ თავიანთი ტუალეტები და ძვირფასი სამკაულები… ქალს ახალი ტანისამოსი უეჭველად აბანოში უნდა ჩაეცვა… რასაკვირველია, მაჭანკალი ქალები არც აბანოში ივიწყებდნენ თავიანთ პროფესიას. ბევრი ლამაზი ქალის ბედი გადაწყვეტილა აბანოში, ბევრი სანდომიანი „ქალი და რძალი“ გაბედნიერებულა და ბევრი ფიზიკური ნაკლიც აღმოჩენია გატიტვლებულ ქალს“.

აბანოებში დროსტარება ხშირად ფინალი იყო თბილისელი მოქეიფე ბოჰემისათვის. ბაღებში დაწყებული ქეიფი აბანოებში მთავრდებოდა ხოლმე.
ქალებს საბანაოდ კვირაში რამდენიმე დღე ჰქონდათ დათმობილი. ერთ დღეს რომ ქალები ბანაობდნენ, მეორე დღეს - ვაჟები. ეს ის დრო იყო, როცა აუზების ნაცვლად კლდე იყო ამოღრმავებული და აბანოში კი მაშხალები ენთო.
ქალები აბანოში მარტო საბანაოდ არ მიდიოდნენ: თან სარეცხიც უნდა წაეღოთ. შეჰკრავდნენ სარეცხს ბოღჩაში, აჰკიდებდნენ ზურგზე დუქნის შეგირდებს, ხელში ქობინას მისცემდნენ, წინ გაიგდებდნენ თავიანთ უჭულ-ბუჭულებს და ამგვარად, მთელი ქარავანი მიემგზავრებოდა აბანოში. მაშინ არავითარი გასართობი არ იყო, და ეს ქალებიც „დიდის სიამოვნებით“ ატარებდნენ დროს აბანოში!
ქალების საერთო აბანოდ მხოლოდ ეგრედ წოდებული ციხის აბანო ითვლებოდა და არსად არ იყო ისეთი უწესობა, სივიწროვე და სიბინძურე, როგორც აქ.
ნახევრად მონა ქალები, მოჩადრულნი და ქმრების მოშიშარნი, რითი უნდა გართობილიყვნენ? სად უნდა წასულიყვნენ? მათი გასართობი იყო საყდარი და აბანო, სადაც თავისუფლად შეეძლოთ ერთმანეთის ნახვა, ჭორიკანობა და მასლაათი.
ისინი ლაპარაკობდნენ ყველგან და ყოველთვის. ეს აბანოც მათი სალაყბო ადგილი იყო.
აბანოში ქალები მთელი დღით რჩებოდნენ, იქვე საუზმობდნენ და სადილობდნენ კიდეც.
აბანოში, გასახდელ დერეფანში უშველებელი სამოვარი იდგა, დედაკაცები ისხდნენ ამ სამოვრის გარშემო და მთელი დღე ჩაის შეექცეოდნენ.
ნელინელ რუსული კულტურა სპარსულ აბანოებშიც იჭრებოდა. თვით ვარანცოვსაც რომ დაენახა ეს სურათი, იძულებული აღარ გახდებოდა ეთქვა: „კავკასიაში მშვიდობიანობა მაშინ ჩამოვარდება, როცა მთებში ჩვენი სამოვარი გაჩნდებაო.“
მამაკაცები აბანოში

ყარაჩოღელები თავიანთ ჯანსაღ ბუნებაში დიდ ენერგიას ატარებდნენ და არ იცოდნენ სად დაეხარჯათ ეს მოზღვავებული გაქანება. აი, თუნდაც აბანოც! პირდაპირ განცვიფრებაში მოდის ადამიანი, რა საღსალამათი გული და უზადო ფილტვები უნდა ჰქონოდა ამ ხალხს, რომელიც ნაღვინევი და ნამთვრალევი მიდიოდა აბანოში და გოგირდის ნაკადულის ატმოსფეროში, თითქმის ოცდაოთხი საათის განმავლობაში, ჰქეიფობდა და დროს ატარებდა!
ზოგიერთი ყარაჩოღელი ისეთი უშველებელი ტანის პატრონი იყო, აუზში რომ ჩავარდებოდა – აუზი იცლებოდა.
ძველად ყოველი ყარაჩოღელი იმდენად ჯანსაღი იყო, ღაჟღაჟა და სისხლოვანი, რომ თითქმის ყოველ გაზაფხულს, აგარაკზე გამგზავრების ნაცვლად, ზედმეტი სისხლის გამოსაშვებლად აბანოში მიდიოდა და კოხტად მოპარსულ კისერზე კოტოშს იკიდებდა.
აბანო ყარაჩოღელისთვის ბოჰემის ის შემადგენელი ნაწილი იყო, ურომლისოდაც ქეიფი ქეიფად არ მიაჩნდა. ამიტომ იყო, რომ მათი ქეიფი, ბაღებში დაწყებული, უეჭველად აბანოთი თავდებოდა.

აბანოში ქეიფი უძველესი ჩვეულება იყო.
აბანოს აღმოსავლური ხალხის ყოფა-ცხოვრებაში მეტად დიდი ადგილი ეჭირა. ძველი ხალხი, ვიდრე აბანოში არ განიბანებოდა, ოჯახის წინაშე ვერ წარსდგებოდა. სიძესაც ქორწილის ღამეს ამფსონები აბანოში წაიყვანდნენ და განბანდნენ. აღმოსავლურ ხალხში დღესაც არის დარჩენილი ჩვეულება: სტუმრად რომ მიხვიდე, ლულეინს მოგიტანენ, ჯერ ხელებს დაგაბანინებენ და მერე მოგესალმებიან.
აბანოში ქეიფის გაგრძელება, აბანოში ღამისთევა და თვით ქორწილიც კი - უბრალო გასართობად ვერ ჩაითვლება და ყოფა-ცხოვრების ამ ორიგინალურ მოვლენის ასახსნელად სხვა, უფრო ღრმა მიზეზები უნდა გამოიძებნოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ აბანოში მოქეიფეებს, ამ აზიურ გასტრონომებს, განსაკუთრებული პირის გემო ჰქონდათ: გამხმარი ქართო პური და შხლოის ყველი, გოგირდის წყალ-გადავლებული, ისეთი სპეციფიური გემოს საჭმელი იყო, რომლის არომატსაც ძველი ყარაჩოღელი დღესაც სიამოვნებით იგონებს.

ამ მოქეიფეებში იყვნენ კარგი მომღერლებიც. მღეროდნენ თავისთვის, საკუთარი გულის ბუხარის გასანელებლად; მღეროდნენ და მათ ავაჯიან ხმას აბანოში უფრო მეტი ხალისი ეძლეოდა.
ტფილისური აბანოს მოყვარული მსოფლიო შემოქმედები
პუშკინი სიამოვნებით იგონებს იმ „უცხვირო მექისე ჰასანას“, რომელის შესახებაც პოეტი თავისებურის ირონიით დასძენს: „უცხვირობა ხელს არ უშლიდა, რომ თავისი მოვალეობა პირნათლად შეესრულებინაო“.
პუშკინი ტრადიციულ „მაჩალკის“ უარსაყოფად, თავისიანებს უთითებს ჩვენს ქისაზე და ამბობს: „ქისა რუსულ აბანოებში უეჭველად უნდა შემოვიღოთ, ეს იქნება ჩვენი ახალი აღმოჩენაო“.
საინტერესოა, რომ ა. დიუმას მოგზაურობაშიც ასეთს სტრიქონებს ვკითხულობთ:
„მე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემმა გასეირნებამ აბანოში, ქალებს შორის არავითარი აღშფოთება არ გამოიწვია, მხოლოდ ორი თუ სამი ქალი, საუბედუროდ ბებრები და საზიზღრები, მოგვერიდნენ და სახეზე ზეწრები აიფარეს; უნდა ვთქვა, რომ მათ ჩემზე მოახდინეს ქაჯების შთაბეჭდილება“-ო.

ძველ თბილისში მექისეობა საპატიო პროფესია ყოფილა, და როგორც წესი, მემკვიდრეობით გადაეცემოდა. ქისის საიდუმლო და მექისეობის ხერხები მამიდან შვილზე გადადიოდა. არსებობდნენ ქალი მექისეები და მამაკაცი მექისეები - ორივე თანაბარი რაოდენობით.
თუმცა, ხანდახან გენდერული დისბალანსიც შეინიშნებოდა. მამაკაც “ძვლების გამსწორებლებზე” უფრო დიდი მოთხოვნა ყოფილა.
ქალებიც სარგებლობდნენ მექისეების მომსახურებით, მაგრამ ძირითადად ევროპელი და სლავი ქალები, უფრო იშვიათად, ადგილობრივებიც.
